პეკინიდან ვაშინგტონში - ვიქტორ ორბანი ნატოს სამიტს დაესწრება

ნატოს ვაშინგტონის სამიტზე დასასწრებად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩინეთიდან ჩამოვა. ორბანმა ამის შესახებ პეკინში განაცხადა, სადაც ის უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე სასაუბროდ არის ჩასული.

ორბანი პეკინში, მოსკოვსა და კიევში სამშვიდობო გეგმაზე საუბრობს მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები მჯსელობენ და მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა ქვეყანამ თავდაცვა შეძლოს და რუსეთის აგრესია მოიგერიოს. ნატოს სამიტის მთავარი თემაც სწორედ ეს იქნება.

დასავლეთის მიდგომებს ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება. მას მიაჩნია, რომ დასავლეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება არ უნდა მიაწოდოს. ორბანი ასევე წინააღმდეგია იმ ეკონომიკური და ფინანსური სანქციებისაც, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.

ასევე ნახეთ: ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა

უნგრეთმა, ვიქტორ ორბანის მეთაურობით, როტაციის გზით 1 ივლისს, ექვსი თვით ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ამ პერიოდში ვიქტორ ორბანი გეგმავს "ევროპა ისევ დიდებული გახადოს“.

ჩინეთში ვიზიტამდე, ვიქტორ ორბანი იმყოფებოდა რუსეთში. კრემლში ის ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრას ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისა და ბლოკის წევრი სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს, რომ კრემლში ორბანი ევროკავშირის ინტერესებს არ წარმოადგენდა.

ასევე ნახეთ: ორბანი კიევში ჩავიდა და ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პეკინში ვიქტორ ორბანის ვიზიტს წინ უსწრებდა ევროკავშირის გადაწყვეტილებაც, რომლითაც ბლოკი გეგმავს, ჩინეთში წარმოებული ელექტოავტომობილების იმპორტზე ტარიფები დააწესოს.

ასევე ნახეთ: უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა 

არსებობს მოლოდინი, რომ ამერიკაში ვიზიტის განმავლობაში, ვიქტორ ორბანი შესაძლოა შეხვდეს დონალდ ტრამპს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის. თუმცა, მედიას ამ დროისთვის არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, შედგება თუ არა ორბანსა და ტრამპს შორის შეხვედრა.