„სამშვიდობო მისიით“ ვიქტორ ორბანი კიევის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა, რასაც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ბლოკის ლიდერები ამბობენ, რომ ორბანი კრემლში პუტინთან შეხვედრისას, ევროკავშირის ინტერესებს არ წარმოადგენდა.
განმარტება ევროკავშირის ლიდერებისგან შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან 6 თვით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს სტატუსი ბუდაპეშტმა როტაციის გზით უნგრეთისგან მიიღო და ვადის დასრულების შემდეგ პოლონეთს გადააბარებს. სტატუსის მიღებიდან 5 დღეში კი ორბანმა როგორც უკრაინაში ასევე რუსეთში ვიზიტი მოასწრო და ორივე ქვეყნის ლიდერთან გამართა შეხვედრა.
"თქვენ რომ ნამდვილად მშვიდობას ესწრაფვოდეთ, არ ჩამოართმევდით ხელს სისხლიან დიქტატორს, მთელი ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერას შეეცდებოდით“,- წერს ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ „ექსზე“.
ვიქტორ ორბანის შეხვედრებს კრემლში გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელიც - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, ორბანი „არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ევროკავშირს“. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯი ძირს უთხრის ევროკავშირის ინტერესებს.
ორბანის მოსკოვში ვიზიტის დეტალები
როგორც ცნობილია, რუსეთში ვიზიტად მყოფმა ორბანმა ვლადიმირ პუტინთან რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორბანთან შეხვედრაზე პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო წინადადებებზე მუშაობისთვის, რაც უკრაინაში ორწელიწადნახევრიან სრულმასშტაბიან ომს დაასრულებს.
მოსკოვის მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოსალაპრაკებელი საკითხების ჩამონათვალი და წინაპირობები, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ იყო უგულებელყოფილი. მიზეზი მარტივია, კიევი ამბობს, რომ შეთავაზებები დანებების ტოლფასია.
გასულ თვეში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის დაასრულოს ომი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათანხმდება უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და გადასცემს მოსკოვს ოთხ პროვინციას, რომელთა ნაწილის უკანონო ანექსია რუსეთმა უკვე მოახდინა. გაიმეორა თუ არა იგივე წინაპირობები ორბანთან შეხვედრის დროს პუტინმა, ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, ცნობილია კიევის პოზიცია, რომ უკრაინა ამ საკითხებზე რუსეთთან საუბარს არ აპირებს.
პუტინთან ორბანის ვიზიტი წინ უსწრებს ნატოს საიუბილეო სამიტს, რომელიც ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის გარანტირებული და მდგრადი სამხედრო დახმარების აღმოჩენა იქნება. ნატო და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო „არაპროვოცირებულ, აგრესიულ ომად“ მოიხსენიებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინაში სამართლიან და ხანრგრძლივ მშვიდობას მხოლოდ ერთიანობა და მონდომება უზრუნველყოფს.
Facebook Forum