მოსალოდნელია, რომ ორშაბათს სენატორ ბობ მენენდესის კორუფციის საქმის პროკურორები, საბოლოო არგუმენტების წარმოდგენას დაიწყებენ. წარსულში გავლენიანი სენატორის მიერ, ასობით ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების შესახებ ბრალდების თაობაზე, ჩვენებების მიცემა შვიდ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა.
მანჰეტენის ფედერალური პროკურორები ამბობენ, რომ მენენდესი ცდილობდა დახმარებოდა ეგვიპტეს, რათა შეერთებული შტატებისგან მილიარდობით დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება მიეღო და მხარს უჭერდა ნიუ-ჯერსელი ბიზნესმენის ინტერესებს, როგორც ბიზნესის, ასევე იურიდიული კუთხით. მენენდესი ამას ნაღდი ფულის, ოქროს ზოდების, იპოთეკური და ავტომანქანის სესხის გადახდების სანაცვლოდ აკეთებდა.
სასამართლო სხდომების დროს, მსაჯულებმა ნახეს ოქროს ზოდები, რომელიც ფედერალურმა აგენტებმა მენენდესის სახლიდან ამოიღეს. აგენტებმა ასევე აღმოაჩინეს 480,000 დოლარზე მეტი ნაღდი ფული, მათ შორის, კონვერტებში მოთავსებული ბანკნოტები, რომელიც სენატორის სახელიან პიჯაკებში იყო ჩადებული.
70 წლის მენენდესმა 16 კრიმინალურ ბრალდებაზე, მათ შორის ქრთამის აღებაზე, თაღლითობაზე, უცხოეთის აგენტად მოქმედებაზე და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. მისმა ადვოკატებმა სცადეს ბრალი მისი მეუღლის, ნადინ მენენდესის მხარეს გადაერთოთ, რომელზეც პროკურორებმა თქვეს, რომ სენატორი მას ქრთამის აღებისთვის შუამავლად იყენებდა.
ნადინ მენენდესმაც თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და მას ცალკე გაასამართლებენ.
პოლიტიკურ მიმომხილველთა ნაწილი მოელის, რომ ეს საქმე სამი ვადით არჩეული დემოკრატი სენატორის პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს. სექტემბერში ბრალის წაყენების შემდეგ, მენენდესი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და კვლავ არჩევნებში მონაწილეობს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რათა ნიუ-ჯერსიდან სენატორის თანამდებობა მოიპოვოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.