ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატორ მენენდესს უცხოეთის აგენტობის ბრალს წაუყენებენ


Menendez Bribery
Menendez Bribery

შეერთებული შტატების სენატორმა ბობ მენენდესმა, ორშაბათს ბრალდების საპასუხო განცხადება უნდა გააკეთოს. ეს არის ახალი ბრალდება, რომლის თანახმადაც, ის განზრახ მოქმედებდა, როგორც ეგვიპტის მთავრობის დაურეგისტრირებელი უცხოელი აგენტი.

12 ოქტომბერს, ფედერალურმა პროკურორებმა ნიუ ჯერსის დემოკრატ სენატორს, რომელიც ბოლო დრომდე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ბრალი დასდეს 2018-2022 წლებში ჩადენილ ქმედებებში, რასაც ბრალდების მტკიცებით, ის ეგვიპტელი სამხედრო და დაზვერვის ოფიციალური პირებისთვის აკეთებდა.

მოსალოდნელია, რომ მენენდესს სთხოვენ, ახალ ბრალდებაზე განცხადება შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე სიდნი სტაინის წინაშე გააკეთოს. ამ დროისთვის, მისი ადვოკატები კომენტარის თხოვნას არ პასუხობენ.

12 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში მენენდესმა თქვა: „ახალი და ახალი ბრალდებების დახვავება, დაუსაბუთებელ ბრალდებებს სიმართლედ ვერ აქცევს“.

სენატორს და მის მეუღლეს, ნადინ მენენდესს ადრე წაუყენეს ბრალდებები, რომ სამი ნიუ ჯერსელი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული და ოქროს ზოდები მიიღეს იმის სანაცვლოდ, რომ თავისი გავლენა ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ გამოეყენებინა და სამართალდამცავების მიერ ბიზნესმენების საქმეების გამოძიებაში ჩაერია.

27 სექტემბერს, ყველა მოპასუხემ, ამ ბრალდებასთან დაკავშირებით თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. ნადინ მენენდესმა და ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, ვაელ ჰანამ, უცხოეთის აგენტის ბრალდებასთან დაკავშირებით თავი უდანაშაულოდ 18 ოქტომბერს გამოაცხადეს.

უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის კანონის მიხედვით, პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია დეპარტამენტში, თუ ისინი მოქმედებენ როგორც „უცხოელი სუბიექტის აგენტი“.

პროკურორებმა თქვეს, რომ ჰანამ მოაწყო შეხვედრები სენატორსა და ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც მისგან სამხედრო დახმარებაზე თანხმობას მოითხოვდნენ. ამის სანაცვლოდ, ბიზნესმენმა ნადინ მენენდესს ხელფასი დაუნიშნა კომპანიიდან, რომელსაც თვითონ მართავდა.

ახალ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ჰანა და ნადინ მენენდესი, ეგვიპტელი ოფიციალური პირების თხოვნებს და მითითებებს სენატორს გადასცემდნენ.

თავისი კოლეგა დემოკრატების მოწოდებებს გადადგომის შესახებ, ბობ მენენდესი ეწინააღმდეგებოდა.

XS
SM
MD
LG