ამერიკელმა პროკურორებმა, რომლებიც სენატორ რობერტ (ბობ) მენენდესთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეს იძიებენ, 12 ოქტომბერს მას სისხლის სამართლის ახალი ბრალდება წაუყენეს. ბრალდების მიხედვით, ის მოქმედებდა ეგვიპტის მთავრობის ინტერესებში, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი.
ახალი ბრალდების წაყენების შემდეგ, ნიუ-ჯერსის დემოკრატი სენატორის წინააღმდეგ უკვე არსებული ბრალი ჩასწორდა. საქმეს ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლო განიხილავს. სასამართლო პროცესის დაწყება, ჯამში 4 ბრალდებით, რომლებიც მენენდესს აქვს წაყენებული, 2024 წლის მაისში იგეგმება.
პროკურორების განცხადებით, სენატორმა და მისმა მეუღლემ, ნადინ მენენდესმა, ეგვიპტის მთავრობისგან ოქროს ზოდები და ასობით ათასი დოლარი მიიღეს. ბრალდების მიხედვით, მათ თავიანთი გავლენა გამოიყენეს ნიუ-ჯერსის შტატში მიმდინარე სამი ბიზნესმენის სამართალდამცავი ორგანოების გამოძიებაში ჩარევის მიზნით და ეგვიპტის მთავრობის დასახმარებლად.
ეგვიპტის საელჩომ, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, ჯერჯერობით უპასუხოდ დატოვა მედიის თხოვნა, კომენტარი გაეკეთებინა სენატორის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით. თავად მენენდესი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და გადადგომის მოთხოვნებსაც უარყოფითად პასუხობს.