ნატო მზად არის ვაშინგტონის სამიტზე პირველად გამოაქვეყნოს თავდაცვითი ინდუსტრიის ვალდებულება, ქვეყნებს უკარნახოს გააფართოონ იარაღის წარმოება და დაუბრუნდნენ საბრძოლო მასალის უფრო მკაცრ სტანდარტებს, რათა ბრძოლის ველზე ჭურვები ურთიერთჩანაცვლებადი გახდეს.
იმ დროს, როდესაც ნატო მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების სტანდარტის დაცვას აკონტროლებს და მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის საბრძოლო მასალა გამოიყენონ, საარტილერიო ჭურვების შემთხვევაში, ეს ასე ადვილი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის ნატოს სტანდარტი არსებობს, მისი დანერგვა ნებაყოფლობითია და სტანდარტის დაუცველობამ ბაზრის ფრაგმენტაცია და მარაგების მიწიდების შეფერხება გამოიწვია.
ნატოს თოთხმეტმა ქვეყანამ სტანდარტისგან გადახვევის უფლება დაიტოვა, რადგან 155-მილიმეტრიანი ჭურვის სხვადასხვა ტიპები არსებობს. არტილერიის ექსპერტების თანახმად, განსხვავებული ჭურვების ყველა "ჰაუბიცაში" გამოყენება მაინც შესაძლებელია, მაგრამ არტილერისტებს ჭურვის გამოყენებისას მისი მონაცემების შეყვანა სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის იმის რისკი, რომ ჭურვი სამიზნეს 50-60 მეტრით ააცილონ.
საბრძოლო მასალის მონაცემები აღწერილია ცხრილებში, რომელსაც არტილერისტები იყენებენ, მაგრამ ალიანსის ოფიციალური პირების თქმით, ხანდახან კომპანიები ყველა საჭირო მონაცემს არ იძლევიან და ნატოს ამის შეცვლა სურს. მისი მიზანია, ასევე უფრო საერთო სტანდარტების მიღება, რაც უფრო მარტივ და უფრო მოკლე ცხრილებს ნიშნავს.
„სამყარო, რომელშიც ნატოს ერთი სტანდარტული ჭურვი იქნება, სადაც ყველა მოკავშირე ერთსა და იმავეს აწარმოებს, სამხედრო მეთაურებისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება“, თქვა ნატოს ოფიციალურმა პირმა სააგენტო "როიტერთან", ანონიმურობის დაცვის პირობით.
თუმცა, შესაძლოა ნატოს წინააღმდეგობა შეხვდეს საბრძოლო მასალის მწარმოებლების მხრიდან, რადგან ასეთ პრაქტიკას კონკურენციის გაზრდა და ფასების შემცირება შეეძლება.