"როიტერი": მოსალოდნელია, ზელენსკი სინგაპურის უსაფრთხოების სამიტს დაესწროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, სინგაპურში დადგეგმილ უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. „შანგრი-ლა დიალოგის“ უსაფრთხოების კონფერენცია, ამ შაბათ-კვირასაა დაგეგმილი და საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“, მასში ზელენსკის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ექვსმა წყარომ მიაწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების დახმარება, სავარაუდოდ, იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება წლევანდელი დიალოგის ფორმატში, აზიის უსაფრთხოების უმაღლეს კონფერენციაზე. შეხვედრის მონაწილეთა შორის არიან აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი დონ ჯუნი.

ასევე ნახეთ: ჩინეთს შეუძლია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების მოწყობა - ლავროვი

ექვსიდან ორმა წყარომ, „როიტერს“ უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ყველა წყარომ, საკითხის სენსიტიურობის გამო, საკუთარი ვინაობის საჯაროდ დასახელებაზე უარი თქვა.

უკრაინის საელჩომ სინგაპურში, არ უპასუხა „როიტერის“ მოთხოვნას კომენტარისთვის. კომენტარის თხოვნაზე, სააგენტომ დაუყოვნებელი პასუხი ასევე ვერ მიიღო უკრაინის პრეზიდენტის ოფისისგან.

2022 წლიდან, სინგაპურის უსაფრთხოების შეხვედრებში რუსეთის დელეგაცია არ მონაწილეობს.

ზელენსკიმ, რომელიც ამჟამად შვედეთში იმყოფება, ოთხშაბათს თქვა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს მომავალი თვისთვის დაგეგმილი "მშვიდობის სამიტის" ჩაშლას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რათა მათ სამიტზე შეკრებისგან თავი შეიკავონ.

ზელენსკის სურს, რომ სამშვიდობო სამიტმა, რომელიც დაგეგმილია 15-16 ივნისს შვეიცარიაში, შექმნას ერთიანი ფრონტი რუსეთის ჯარების გაყვანისა და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენის მხარდასაჭერად.

"შანგრი-ლა დიალოგი", რომელიც ბოლო 21 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად იმართება სინგაპურში, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ, 2 ივნისს სრულდება.