ბიძინა ივანიშვილის მიერ ღიად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული, ე.წ. რუსული კანონის მიღებას, მეორე დღესვე სარკისებური ეფექტი ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე. დილიდან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მკვეთრად დაეცა საქართველოს ორი, ყველაზე მსხვილი ბანკის: Bank of Georgia Group PLC და TBC Bank Group PLC აქციები, შესაბამისად, 13 და 15%-ით, რაც ცალსახად, "რუსულ კანონზე" უცხოელი ინვესტორების რეაქციაა.
„ასე რეაგირებენ ინვესტორები რუსულ კანონზე. ამ ყველაფრის ფონზე უფასურდება ლარი. ეს ყველაფერი ვის დაარტყამს? ვისაც სოციალური პრობლემები აქვს. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს. ჩვენი კორუმპირებულებისთვის ეს არ არის პრობლემა, მათ მილიონები აქვთ ნაშოვნი და ჩვენ მოგვშივდება, თუ მოგვწყურდება, ფეხებზე ჰკიდიათ“დავით მაისურაძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ვარდნა მყისიერად აისახა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, ლარმა გაუფასურება დაიწყო. 15 მაისს, ეროვნული ბანკის კურსით, 1 დოლარი - 2 ლარი და 68 თეთრი ღირდა, საღამოს, უკვე 2 ლარი და 73 თეთრი გახდა, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში - 2 ლარს და 85-90 თეთრს მიაღწია. ლარის გაუფასურება მაშინვე აისახა საწვავის ფასებზეც.
„ავანტურულ პოლიტიკურ თამაშებს ყოველთვის ექნება ეკონომიკური ფასი. ახლა, ამ ფასს იხდის ორი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანია და მისი აქციონერები.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი კომპანია ამავდროულად არის ქვეყნის ორი სისტემური ბანკი, ირიბად, ეს გარემოება უკვე ჩვენ ყველას გვეხება“ - ამბობს „პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.
„ასე რეაგირებენ ინვესტორები რუსულ კანონზე. შემდეგ ყველაფერი დომინოს პრინციპით მიდის. ამ ყველაფრის ფონზე უფასურდება ლარი. ეს ყველაფერი ვის დაარტყამს? ვისაც სოციალური პრობლემები აქვს იმას. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს, ვინც დამოკიდებულია სახელმწიფოსგან დახმარების მიღებაზე.
ჩვენი კორუმპირებულებისთვის ეს არ არის პრობლემა, რადგან მათ მილიონები აქვთ ნაშოვნი, და ჩვენ მოგვშივდება თუ მოგვწყურდება ფეხებზე ჰკიდიათ“ - მიაჩნია ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს დავით მაისურაძეს.
სამთავრობო ექსპერტები პირიქით ამტკიცებენ, რომ ეს „მოკლევადიანი რყევაა“ და ქვეყნისთვის "გამოწვევა საერთოდ არ არის". ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას და ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკების აქციების მკვეთრ გაუფასურებას არ გამოხმაურებია, თუმცა, მაღალი ალბათობით, კურსის დასაჭერად, სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია მოუწევს.
“მე რამდენადაც გადავამოწმე და მოვიკითხე, ბევრჯერ ყოფილა ამგვარი გაუფასურება ამ ბანკების ფასიანი ქაღალდებისა, წინა წლებშიც, და შემდეგ საწყის პოზიციებს უბრუნდებოდა ეს ფასი” – განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა, რომელმაც ე.წ. "რუსულ კანონს" დაუჭირა მხარი.
„ჩვენ არ დავთანხმდით, რომ საქართველოს ხელისუფლება მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულება და არა „გარკვეული შეშფოთება". ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა, არა უბრალოდ, უფრო რთულია, არამედ, გზა არ არსებობს“გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლარის და ბანკების ფასიანი ქაღალდების გაუფასურების ფონზე, საქართველოს მეგობარი ქვეყნების დელეგაციები განაგრძობენ მცდელობას, რომ ივანიშვილმა ეს კანონი უკან წაიღოს. სკანდალით დასრულდა „ოცნების“ პარლამენტის სპიკერის პაპუაშვილის შეხვედრა ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
როგორც აღმოჩნდა, პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, ევროპელი მინისტრები მას ყველაფერში დაეთანხმნენ, რაც ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფოს საგარეო მინისტრებმა მაშინვე უარყვეს.
„ჩვენ არ დავთანხმდით, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულება და არა „გარკვეული შეშფოთება“ - დაწერა X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
საღამოს, ლანდსბერგისმა სამ ევროპელ კოლეგასთან ერთად, თბილისში, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ცალსახად განაცხადა, რომ ე.წ. "რუსული კანონით" საქართველოს ევროკავშირისკენ გზა სამუდამოდ ჩაეკეტება. „ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა, არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ, გზა არ არსებობს“ - ხაზი გაუსვა მან.
პაპუაშვილი, რომელსაც 17 წელი ხელფასს (2003-2020) გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ) უხდიდა, ღიად დაესხა თავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს, რომელიც გუშინ თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და „ქართულ ოცნებას“ „ქართული კოშმარი“ უწოდა.
„სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ. საერთო ჯამში, ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო უცხოური გავლენების - უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან" ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენ“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო უცხოური გავლენების - უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან" ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენშალვა პაპუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ევროპელი დიპლომატების და პოლიტიკოსების მისვლას აფასებს
"ოცნების" ლიდერებმა მიხაელ როთს პირისპირ შეხვედრაზე უარი უთხრეს (მხოლოდ კომიტეტის თავმდჯომარე შეხვდა) და იგი „ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაშიც“ კი დაადანაშაულეს. ასეთი დემარშის შემდეგ, დღეს, საპროტესტო მარშს თბილისის ცენტრში, უკვე ევროპელი მინისტრებიც შეუერთდნენ.
რუსული კანონის მიღების შემდეგაც, გრძელდება კანონის მოწინააღმდეგეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ შორის სატელეფონო ტერორი, რა დროსაც ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და აქტივისტების შვილებსა და მშობლებსაც ურეკავენ და ემუქრებიან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ დაუკავებია შსს-ს არცერთი პოლიციელი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი, რომლებმაც უსასტიკესად იძალადეს, მათ შორის „ანტისაოკუპაციო რაზმის“ წევრ დავით ქაცარავაზე, იგი პირდაპირ ტელეკამერების წინ, მიტინგიდან გაიტაცეს, სასტიკად სცემეს, თვალბუდის და ყბის ძვალი ჩაუმტვრიეს, ამჟამად, ტვინის მძიმე ფორმის შერყევა აქვს.
ამ დრომდე არ დაუკავებიათ შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, რომლებმაც სცემეს დეპუტატებს ალექსანდრე ელისაშვილს და ლევან ხაბეიშვილს, აშშ-ს მოქალაქეებს პარტიკ ჰერნანდეს, ბრაიან ჯეი ბინგემს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე იურისტ თედ ჯონასს, გურამ ადამიანს, კახა კვეკვესკირს, რომელსაც წაქცეულს 20-ზე მეტი სპეცრაზმელი უმოწყალოდ სცემდა.
შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიება „ოცნების“ ზონდერ-ჯგუფების თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, ბორის ყურუაზე, დიმიტრი ჩიქოვანზე, ლაშა ღვინიანიძეზე, გიორგი მუმლაძეზე, ნოდარ ჩაჩანიძეზე და სხვებზე. სამაგიეროდ, შსს-მ ოპერატიულად დააკავა სარეკლამო კომპანია "ლიმონის" ხელმძღვანელი, ვიდეო რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმაში სდებს ბრალს.
“ჩემთან ერთად რომ აპროტესტებდით ვალერი გელაშვილის სასტიკ ცემას, ის მეგობრები, ახლა რატომ არ იღებთ ხმას დავით ქაცარავას არაადამიანურ ცემაზე? თან ხომ ნახეთ, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი მიმართვის დროს გაიტაცეს?იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი
“ჩემთან ერთად რომ აპროტესტებდით ვალერი გელაშვილის სასტიკ ცემას, ის მეგობრები, ახლა რატომ არ იღებთ ხმას დავით ქაცარავას არაადამიანურ ცემაზე? თან ხომ ნახეთ, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი მიმართვის დროს გაიტაცეს? ამ ორი ნაცემი ადამიანის ფოტოები ხომ არ გიდევთ გვერდი გვერდ და ჩამტვრეული ძვლების, სისხლჩაქცევების და დასიებული ადგილების მასშტაბებს ატოლებთ ერთმანეთს?“ - კითხულობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
როგორც საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენის, ისე ევროპელი მინისტრებისა და დეპუტატების მთავარი მესიჯია, რომ თუ ივანიშვილი რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს და ოპონენტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, მასაც და პარტიულ კოჰორტას პერსონალური სანქციები დაუწესდებათ, რაზეც "ოცნების" წევრები ამბობენ, რომ "სანქციების არ ეშინიათ".
სანქციების პაკეტის ნაწილი შეიძლება იყოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გადახედვაც, რაზეც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ღიად გააკეთა მინიშნება. მან თქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია და სხვა სიკეთეები, რომლითაც ამჟამად საქართველო სარგებლობს „გარანტირებული რამ არ არის“.
რუსული კანონის სრულ ამოქმედებამდე, ივანიშვილის უმრავლესობას, მხოლოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაღა რჩება. პარალელურად, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი გამოსვლები გრძელდება, პროტესტის ავანგარდში, სტუდენტები არიან.