მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გაიმარჯვა

მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ჯაკოვ მილატოვიჩია. კვირას გამართული არჩევნების შედეგების თანახმად, ის მილო ჯუკანოვიჩს ჩაანაცვლებს, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა.

37 წლის მილატოვიჩი მოძრაობის "ევროპა ახლა" ერთ-ერთი ლიდერია. მისი წინასაარჩევნო კამპანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ევროკავშირთან და სერბეთთან კავშირების გაღრმავების საკითხებს ეფუძნებოდა.

"ეს არის ღამე, რომელსაც 30 წელი ველოდოთ, ბედნიერ გამარჯვებას გისურვებთ", - უთხრა გამარჯვებულმა კანდიდატმა პოდგორიცაში შეკრებილ მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობის ამომრჩევლებს. "მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მონტენეგროს ევროკავშირისკენ გავუძღვებით".

მონტენეგრო, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, 2017 წლიდან ნატოს წევრია.

ასევე ნახეთ: ფინეთი 4 აპრილს ნატოს წევრი ქვეყანა გახდება

ყოფილი კომუნისტი ლიდერი, 61 წლის ჯუკანოვიჩი, მონტენეგროს ხელისუფლებაში 33 წლის წინ პრემიერ-მინისტრის რანგში, ყოფილი იუგოსლავიის დაშლის პროცესების პარალელურად მოვიდა. არჩევნების მეორე ტურში მან მილატოვიჩთან მარცხი აღიარა და თქვა, რომ მონტენეგრომ არჩევანი გააკეთა, რომელსაც ის პატივს სცემს. საპრეზიდენტო ძალაუფლებას კი ყოფილ ეკონომიკის მინისტრს ის 21 მაისს გადასცემს.

მილატოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების, დაახლოებით, 60 % მიიღო, ჯუკანოვიჩმა კი 40%. ამომრჩეველთა აქტივობა 70 %-მდე იყო.