ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ამას თან დაურთო პირობების გრძელი სია, რომელიც ბალკანეთის ამ ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლადაა განკუთვნილი. ბოსნიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 6 წლის წინ შეიტანა.
12 ოქტომბერს, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ოლივერ ვარჰელიმ ევროპარლამენტის კომიტეტს უთხრა, რომ რვა პირობის შესრულების შემთხვევაში, კომისია წევრი სახელმწიფოების მიერ ბოსნიისთვის „კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას იძლევა“.
ურსულა ვონ დერ ლეიენმა, ევროკავშირის აღმასრულებელი ფრთის პრეზიდენტმა თქვა: „ევროპაში კვლავ ცვლილებების ქარი უბერავს“ და ევროკავშირმა „მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვას.“
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა კომისიის პოზიცია, რომ დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი რეგიონში გავლენისთვის მეტოქეობენ.
დერ ლეიენმა თქვა, რომ ევროკავშირის მეტოქეები ბალკანეთს „გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფად“ განიხილავენ და ცდილობენ „რეგიონსა და დანარჩენ ევროპას შორის განხეთქილება დათესონ.“
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობას და მის გეოპოლიტიკურ წონას.
ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოსნიის მიერ ევროკავშირში შესვლის ოფიციალური განაცხადის შეტანიდან ექვსი წლის შემდეგ მიიღეს.