ნეპალში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთები ნაპოვნია

ნეპალი, ავიაკატასტროფის ადგილი.

კვირას, 15 იანვარს, ნეპალში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ მცირე 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფაა, რომელსაც ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა.

მაშველებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ორშაბათს თვითმფრინავის ის ნაწილები იპოვეს, რომელიც გამომძიებლებს კატასტროფის მიზეზების დადგენაში დაეხმარება.

Yeti ავიახაზების თვითმფრინავი ATR 72, რომლის ბორტზეც 72 ადამიანი იმყოფებოდა, კვირას, დაშვებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ქვეყნის ტურისტულ ცენტრ, ქალაქ პოხარაში ჩამოვარდა. ამ დროს ქალაქში ფრენისთვის ხელისშემშლელი კლიმატური პირობები არ ფიქსირდებოდა.

კატმანდუს აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავების მონაცემებისა და ხმის ჩამწერი მოწყობილობები დაზიანებული არაა და ისინი მწარმოებლის მიერ შერჩეულ ანალიტიკოსებს გადაეგზავნათ.

საერთაშორისო საავიაციო წესების თანახმად, კატასტროფის მიზეზების დამდგენ კომისიაში თვითმფრინავის მწარმოებელი ქვეყანა ავტომატურად მონაწილეობს. ATR საფრანგეთშია შექმნილი, მისი ძრავები კი კანადაშია წარმოებული. ნეპალის სამოქალაქო საავიაციო სამსახური ამბობს, რომ ATR 72 da ATR 42 თვითმფრინავები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში რეისების განხორციელებას განაგრძობს, უკვე შემოწმებულია და არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ გამოვლენილა.

ნეპალში ამჟამად 16 თვითმფრინავია ATR 72 და 3 თვითმფრინავია ATR 42 ტიპის, რომელთა ოპერირებაზეც სხვადასხვა ავიახაზებია პასუხისმგებელი.

ადგილობრივი სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელის თქმით, კვირას 68 ცხედარი აღმოაჩნიეს, ორშაბათს კიდევ 2. ორშაბათს მაშველებს ღრუბლიან ამინდში და ცუდი ხილვადობის პირობებში უხდებოდათ მგზავრთა გადარჩენის ოპერაციის გაგრძელება. დანარჩენი ორი მგზავრის ძებნა სამშაბათს გაგრძელდება. ყველა ცხედარი საავადმყოფოშია გადაგზავნილი.

თვითმფრინავში, რომელიც კატმანდუდან პოხარისკენ მიფრინავდა, 57 ნეპალელი იმყოფებოდა, ინდოეთის 5 მოქალაქე, რუსეთის - 4, სამხრეთ კორეის - 2 და არგენტინის, ირლანდიის, ავსტრალიისა და საფრანგეთის თითო-თითო მოქალაქე. გასული 1 წლის განმავლობაში ამ თვითმფრინავმა 1700-ზე მეტი რეისი შეასრულა.

როგორც ირკვევა, დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პოლოტმა ბილიკის შეცვლა მოითხოვა. მას ამის უფლება მისცეს. "ჩვენ ამ დროს მიზეზს არ ვკითხულობთ, თუკი პილოტი ამას ითხოვს, ჩვენ ამის უფლებას ვიძლევით", -ამბობს პოხარის აეროპორტის პრეს-სპიკერი.

ექსპერტების აზრით, ეს კატასტროფა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ნეპალში სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს რეფორმირებაა საჭირო, რადგან ავიახაზებისა და აეროპორტების მენეჯმენტი ერთი უწყების რეგულაციის ქვეშ არ უნდა იყოს. "მთავრობამ მარეგულირებელი უწყება და სერვისის მიმწოდებელი დაუყოვნებლივ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან",- ამბობს კ.ბ. ლიმბუ, ავიაციის ექსპერტი და ყოფილი პილოტი "როიტერთან" საუბარში. "ეს ინტერესთა კონფლიქტს იწვევს". თუმცა საავიაციო სააგენტოს წარმომადგენლები ამგვარ ინტერესთა კონფლიქტს უარყოფენ და კომენტარს არ აკეთებენ.

ოფიციალური მონაცემებით, ნეპალში 9 ადგილობრივი ავიახაზი მუშაობს, მათ შორის Yeti და მისი შვილობილი Tara. ამ ორი კომპანიის თვითმფრინავების კატასტროფებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ნეპალში სულ მცირე 165 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ექსპერტების აზრით, საჰაერო ინციდენტები ხშირად სხვადასხვა ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედების შედეგია და გამოძიებას შესაძლოა მიზეზის დასადგენად თვეები დასჭირდეს. კვირას ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტის ქმარი, მსგავს ავიაკატსტროფაში 2006 წელს დაიღუპა.

კატმანდუში შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს, ხელისუფლებისგან უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული. ნეპალის პრეზიდენტსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა რომის პაპმაც.