ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა გუდაურში? - „ცის რაინდების“ ბოლო სამაშველო რეისი


ავიაკატასტროფან გუდაურში რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
ავიაკატასტროფან გუდაურში რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

საქართველოში გლოვის დღეა, ქვეყანა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრებს, ექიმებს და მაშველებს გლოვობს, რომლებიც რთულ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ.

გუდაურში, თეთრი არაგვის ხეობაში, 29 ივლისის სამაშველო ოპარაციის მიზანი, მიუვალ ადგილას ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და უცხოელი ტურისტის შველა იყო. ამ მიზნით, თბილისის აეროპორტიდან, მესაზღვრეების MI-8 MTV-1 გაფრინდა, რომელსაც 32 წლის სტაჟის მქონე მფრინავი, პოლკოვნიკი ზაზა ლორია მართავდა.

შვეულმფრენმა, რომლის ბორტზეც რვა ადამიანი იყო, მათ შორის - ეკიპაჟის 4 წევრი, 2 ექიმი და 2 მაშველი, კატასტროფა, გუდაურში, დაახლოებით 16:00 საათზე განიცადა.

MI-8 ტიპის შველმფრენის კატასტროფა გუდაურში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

თვითმხილველთა მიერ, არაერთი რაკურსიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მფრინავმა მართვა დაკარგა, მას შემდეგ რაც, სავარაუდოდ, უკანა ხრახნით კლდეს გამოედო. შვეულმფრენი მიწას დაენარცხა და აფეთქდა. სამწუხაროდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

"ამ ეკიპაჟს, მით უმეტეს, ზაზა ლორიას, რომელიც 30 წელზე მეტია დაფრინავდა, არაერთ უფრო რთულ სამაშველო ოპერაციებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. რატომ მოხდა ეს ტრაგედია, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი“
შამილ ქორთოშიძე, თადარიგის პოლკოვნიკი, სასაზღვრო ავიაციის ყოფილი უფროსი

„რა თქმა უნდა, რთული ოპერაცია იყო, კლდესთან, ფრენისთვის შეზღუდულ არეალში და ცვალებადი ჰაერის პირობებში, ვერტმფრენით დაკიდება და ბაგირის მეშვეობით დაშავებულების ჩაბმა მარტივი ნამდვილად არ არის.

მაგრამ, ამ ეკიპაჟს, ძალიან მაგარ ბიჭებს, მით უმეტეს, ზაზა ლორიას, რომელიც 30 წელზე მეტია დაფრინავდა, არაერთ უფრო რთულ სამაშველო ოპერაციებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. რატომ მოხდა ეს ტრაგედია, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს ზუსტი და ამომწურავი პასუხი“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ სასაზღვრო ავიაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა შამილ ქორთოშიძემ.

მისი თქმით, „კადრებიდან ჩანს, რომ შვეულმფრენი უკანა პროპელერით-ხრახნით ედება კლდეს, შემდეგ ხრახნი ძვრება, კუდი ტყდება და მანქანა უკონტროლო ხდება.

ჩემი აზრით, ეს ქარის გამო მოხდა. ზოგჯერ, რამდენიმე ათეული წამი, ან 1-2 წუთია საჭირო რომ ქარმა შვეულმფრენი შეატრიალოს, ვიმეორებ, ეს ჩემი პირადი აზრია, საბოლოო პასუხი, მაინც „შავ ყუთში“ იქნება, რომელიც მფრინავის და ეკიპაჟის წევრების ბოლო საუბარს ასახავს, ეს სპეციალურმა კომისიამ უნდა გამოიძიოს“ - მიაჩნია შამილ ქორთოშიძეს, რომელიც ზაზა ლორიას შვილის ნათლიაა.

ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ მფრინავი ზაზა ლორია, ანდრო ქუჯოშვილი, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, გიორგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი
ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ მფრინავი ზაზა ლორია, ანდრო ქუჯოშვილი, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, გიორგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი

MI-8 MTV-1 ავიაკატასტროფის შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ მფრინავი და ეკიპაჟის უფროსი პოლკოვნიკი ზაზა ლორია; ასევე ძალიან გამოცდილი მფრინავები ვიცე- პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ბორტ-ტექნიკოსი, ლეიტენანტი 24 წლის ანდრო ქუჯოშვილი; გამოცდილი მაშველები კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი; სასწრაფოს ექიმები გიორგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი. დაღუპულების ცხედრები ხეობიდან უკვე ამოასვენეს.

მაშველებმა თეთრი არაგვის ხეობაში, კლდეზე გარდაცვლილი იპოვეს უცხოელი ტურისტიც, რომელიც პარაპლანით ფრენის დროს ჩამოვარდა და რომლის გადასარჩენადაც დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია. საბედნიეროდ, გადარჩა გუდაურელი პარაპლანისტი, იგი მრავლობითი დაზიანებით თბილისშია გადმოყვანილი.

"ეს მფრინავი რაინდები ისედაც ცოტანი გვყავს და დღეს რამდენიმემ მათი რიგები მოულოდნელად დატოვა. დიდება მათ სახელებს“
გიორგი გოცირიძე, გეოგრაფი

„რამდენი ათეული საათი გვიფრენია ერთად ქვეყნის სამსახურში და რამდენი ათასეული საფრენი საათით უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ეროვნული ფასეულობები გადაურჩენიათ ამ ცის რაინდებს. ეს მფრინავი რაინდები ისედაც ცოტანი გვყავს და დღეს რამდენიმემ მათი რიგები მოულოდნელად დატოვა. დიდება მათ სახელებს“ - წერს სოციალურ ქსელში გეოგრაფი გიორგი გოცირიძე.

სასაზღვრო პოლიციის MI-8 MTV-1 ტიპის შვეულმფრენის ავიაკატასტროფამ, საქართველოში კვლავ განაახლა დისკუსია, თუ რატომ ვერ ხერხდება ქვეყანაში, სადაც ტურიზმის წილი, მშპ-ში თითქმის 10%-ია, სრულფასოვანი სამაშველო სამსახურის შექმნა და შესაბამისი, თანამედროვე ავია ტექნიკით აღჭურვა?

მესაზღვრეების MI-8 MTV-1, რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, დავით თაბაგარის ფოტო
მესაზღვრეების MI-8 MTV-1, რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, დავით თაბაგარის ფოტო

სამაშველო სამსახური სტრუქტურულად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შედის, თუმცა ამ სამსახურს საკუთარი შველმფრენი ისევ არ ჰყავს. უკვე წლებია საგანგებო სიტუაციების დროს, მაშველებს შველმფრენის ქირაობა უწევთ, ან შსს-ს სასაზღვრო პოლიციისგან, ან კერძო ავიაკომპანიისგან, ანაც უცხოეთიდან.

„ასეთ მთაგორიან ქვეყანაში რატომ არ გვყავს არცერთი სამაშველო-სატრანსპორტო თანამედროვე შვეულმფრენი? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას?"
ალექსანდრე ელისაშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი

„ასეთ მთაგორიან ქვეყანაში რატომ არ გვყავს არცერთი სამაშველო-სატრანსპორტო თანამედროვე შვეულმფრენი? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას და ნორმალური სამაშველო შვეულმფრენის ფულს ვერ ვშოულობთ ხო?” - კითხულობს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია.

წლებია, გადაუჭრელი პრობლემაა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის შვეულმფრენების შეძენა, ასევე სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენთა მოძველებული პარკის განახლება და მფრინავების გადამზადება. ხელისუფლებამ ეს პრობლემები ადგილიდან ვერ დაძრა.

ექსპერტების შეფასებით, გუდაურის ტრაგედია შესაძლოა არც მომხდარიყო, ოპერაციაში არა მესაზღვრეების MI-8 MTV-1, არამედ უფრო მცირე გაბარიტების, სპეციალიზებული, თანამედროვე ვერტმფრენი ყოფილიყო ჩართული, რომელიც გაცილებით ულტრამანევრულია, დაცული აქვს უკანა ხრახნი და შეჯახების საწინააღმდეგო სენსორებით არის აღჭურვილი.

გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის MI-8 MTV-1 ავიაკატასტროფის შემდეგ, ხელისუფლებამ, დროებით, პარაპლანით ფრენა შეაჩერა. შსს მინისტრმა გომელაურმა, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა, განაცხადა, რომ შესაბამისი რეგულაციების და სერთიფიცირების შემუშავებამდე, იგი პარაპლანით ფრენის სრულ აკრძალვას ემხრობა.

საქართველოში შვეულმფრენების ავიაკატასტროფების სია, რომელიც მსხვერპლით დასრულდა (2002-2022)

MI-2-ის კატასტროფა კუმისის ტბაზე, 2002 წელი, ჟურნალ "არსენალის" ფოტო
MI-2-ის კატასტროფა კუმისის ტბაზე, 2002 წელი, ჟურნალ "არსენალის" ფოტო

16.09.2002 წვრთნების დროს, კუმისის ტბაში ჩავარდა მესაზღვრეების MI-2 ტიპის შვეულმფრენი. ადგილზე დაიღუპნენ მფრინავი, კაპიტანი ნუგზარ ცხოვრებოვი და სტაჟიორი-მფრინავი ზურაბ ბუქვაიძე

11.03.2007 ბაზალეთის ტბასთან, ღამით, მთას დაეჯახა თავდაცვის სამინისტროს MI-24B ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი, რომელიც თბილისიდან სენაკის ბაზისკენ მიფრინავდა. ადგილზე დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები, კაპიტანი გიორგი ლონდარიძე, უფროსი ლეიტენანტები გაგა ტყემალაძე და სერგო ღვალაძე

MI-24B-ს კატასტროფა ბაზალეთთან, 2006 წელი, ჟურნალ "არსენალის" ფოტო
MI-24B-ს კატასტროფა ბაზალეთთან, 2006 წელი, ჟურნალ "არსენალის" ფოტო

05.06.2019 ყაზბეგში ფრენის დროს, ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების შვეულმფრენი, რომელიც კერძო ავიაკომპანია „ავიატორს“ ეკუთნოდა. ადგილზე დაიღუპნენ ყოფილი სამხედრო მფრინავი ილიკო ბაიდაშვილი, გიდი კოტე საცერაძე და „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ შვეიცარი თორნიკე ოსიაშვილი

BELL-505 ტიპის შვეულმფრენის კატასტროფა ყაზბეგში, 2019 წელი
BELL-505 ტიპის შვეულმფრენის კატასტროფა ყაზბეგში, 2019 წელი

29.07.2022 გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს, ჩამოვარდა მესაზღვრეების MI-8 MTV-1. ადგილზე დაიღუპნენ მფრინავი, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ეკიპაჟის წევრები ანდრო ქუჯოშვილი, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი; მაშველები კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; სასწრაფოს ექიმები გიორგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი

MI-8-ს აფეთქების ადგილი თეთრი არაგვის ხეობაში, 2022, ტვ-პირველის კადრი
MI-8-ს აფეთქების ადგილი თეთრი არაგვის ხეობაში, 2022, ტვ-პირველის კადრი

შვეულმფრენების ავიაკატასტროფები, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა (1998-2018)

27.08.1998 გორთან ახლოს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, შინაგანი ჯარის კუთვნილი MI-8T ტიპის შვეულმფრენი. სამკაციანმა ეკიპაჟმა კაპიტან გენადი გაბათაშვილის მეთაურობით მოახერხა ბორტის დატოვება, რის შემდეგაც შვეულმფრენი აფეთქდა

13.08.2003 სამცხე-ჯავახეთში, თავკვეთილას მთასთან, ავარია განიცადა თავდაცვის სამინისტროს Bell UH-1 Iroquois-ის ტიპის სამხედრო შვეულმფრენმა, რომელსაც ამერიკელი სამხედრო მფრინავი მართავდა

05.05.2004 ხულოში, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დროს, აფრენის შემდეგ ჩამოვარდა და ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში ჩავარდა, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი MI-24B ტიპის შვეულფრენი, რომელსაც პრეზიდენტის დაცვის წევრები, ოპერატორები და ჟურნალისტები გადაჰყავდა

MI-24B ხულოს ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში, 2004, ჟურნალ "არსენალის" ფოტო
MI-24B ხულოს ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში, 2004, ჟურნალ "არსენალის" ფოტო

03.09.2006 რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბულთან ცეცხლი გაუხსნეს თავდაცვის სამინისტროს MI-8-ს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსის მოადგილე სენაკში მიჰყავდა. დაზიანებულმა შვეულმფრენმა ვარდნის რეჟიმში, 15 წუთი იფრინა და ავარიულად ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე დაჯდა

15.11.2006 სენაკის სამხედრო აეროდრომზე, აფრენის დროს, მფრინავების შეცდომის შედეგად, ერთმანეთს ხრახნებით გამოედო, თავდაცვის სამინისტროს MI-8 და MI-24, ორივე შვეულმფრენი დაზიანდა

12.02.2007 ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე, დაჯდომის დროს, რვა მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა, თავდაცვის სამინისტროს MI-8T, რომელშიც ეკიპაჟის სამი წევრი და 14 მგზავრი იჯდა. შვეულმფრენი გადაყირავდა, მოტყდა ხრახნი, გაჟონა საწვავმა, თუმცა საბედნიეროდ აფეთქებას გადაურჩა

MI-8 ტიპის შვეულმფრენის კატასტროფა ქუთაისში, 2007 წელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:26 0:00

08.08.2008 თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო MI-24B, თბილისთან კახეთის მიმართულებით გადაადგილების დროს, კუდით ხეს წამოედო, უკანა ხრახნი მოტყდა და ავარიულად დაჯდა

02.07.2010 გურიაში, სოფელ ლაითურთან ჩამოვარდა Eurocopter AS350 Écureuil ტიპის შვეულმფრენი, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საკუთრება იყო. შვეულმფრენი მავნებლის - ამერიკული პეპლისგან დასაცავად, ჰაერიდან ნარგავებს წამლავდა. მფრივანი სოსო არჯავანაშვილი გადარჩა

16.08.2010 მცხეთასთან, ელექტრო სადენებს გამოედო, თავდაცვის სამინისტროს MI-8 MTV-1, სერიოზული დაზიანების მიუხედავად, მფრინავმა შვეულმფრენის მიწაზე დასმა შეძლო

07.09.2011 ხევსურეთში, დაბალ სიმაღლზე ფრენისას ჩამოვარდა, თავდაცვის სამინისტროს MI-8, რომელიც ვიდეო გადაღებას აწარმოებდა. ეკიპაჟის სამი წევრი და რვაკაციანი გადამღები ჯგუფი, მათ შორის უცხოელები გადარჩნენ

სასაზღვრო პოლიციის MI-8 მდინარე გუჯარულაში, 2017 წელი
სასაზღვრო პოლიციის MI-8 მდინარე გუჯარულაში, 2017 წელი

27.09.2017 ბორჯომში, სოფელ დაბას მიმდებარედ, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობის დროს, სასაზღვრო პოლიციის MI-8, წყლის აღებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ მცირე წყალსაცავში ჩავარდა და გადაბრუნდა

12.07.2018 სასაზღვრო პოლიციის Aerospatiale AS 332L1 Super Puma ტიპის ვერტმფრენი, ბორტის ნორმით GBP 10020, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ანდარაზართან, მიუვალ ადგილზე ჩამოვარდა. შსს-მ განაცხადა, რომ ძვირადღირებული შვეულმფრენი "დასაწყობებულია ავიაციის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზაზე"

საქართველო-რუსეთის საზღვაზე ჩამოვარდნილი Super Puma, ტვ-პირველის ფოტო
საქართველო-რუსეთის საზღვაზე ჩამოვარდნილი Super Puma, ტვ-პირველის ფოტო

XS
SM
MD
LG