დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ხშირად მიუთითებს საკუთარ უმაღლეს ინტელექტზე და მან თავი „ძალიან სტაბილურ გენიოსად“ გამოაცხადა.
ტრამპმა უარი თქვა სკოლის ჩანაწერების გამოქვეყნებაზე, მაგრამ პრეზიდენტების ისტორიკოსს, ბარბარა პერის, ყოფილი პრეზიდენტის გონებრივ შესაძლებლობებზე, გარკვეული შეხედულებები აქვს.
„ვფიქრობ, ის ჩვენი ყველაზე ცბიერი, გამჭრიახი პრეზიდენტია და ვფიქრობ, ეს გარკვეულ ინტელექტს მოითხოვს. ასე რომ, შესაძლოა, ზოგიერთი პრეზიდენტი, თანდაყოლილი ბრწყინვალებისა და ინტელექტის ნაკლებობას, გამჭრიახი და სხარტი გონებით ანაზღაურებს. მან აშკარად იცის, როგორ იმუშაოს ხალხთან, ამტომ, მას ამას არ წავართმევ“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, ვირჯინიის უნივერსიტეტთან არსებული „მილერის ცენტრის“ საპრეზიდენტო კვლევების დირექტორი, ბარბარა პერი.
ფსიქოლოგმა დინ საიმინტონმა, 2006 წელს, აშშ-ის პრეზიდენტების ინტელექტის რაოდენობრივი შეფასება გადაწყვიტა და მათი IQ-ის დაახლოებითი დონე გამოთვალა. აშშ-ის რომელი პრეზიდენტები იყვნენ, სინამდვილეში, გენიოსები? ამის დასადგენად, სხვა ფაქტორებს შორის, საიმინტონმა მათი "ინტელექტუალური ბრწყინვალება" და გამოცდილებისადმი გახსნილობა გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ჯონ ქუინსის, ამერიკის პრეზიდენტებს შორის, ინტელექტის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა (IQ – 175), საიმინტონი ამბობს, რომ ნამდვილი გენიოსი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, თომას ჯეფერსონი იყო, რომელსაც განსხვავებულ სფეროებში, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა. მისი IQ 160 იყო.
„ის დიდებული მწერალია. როგორც იცით, ის არის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მთავარი ავტორი. ის ასევე იყო დიდებული არქიტექტორი, - მან დააპროექტა არა მხოლოდ საკუთარი სასახლე, არამედ ასევე, ვირჯინიის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი. ის იყო პოლიტიკური თეორეტიკოსი. მან დაწერა მრავალი პოლიტიკური თეორია, რომელიც საფუძველს უქმნის ჩვენს კონსტიტუციას. იყო ბიბლიის მკვლევარი. ის ასევე იყო ერთ-ერთი პიონერი სოფლის მეურნეობაში, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობაში. და რა თქმა უნდა, ის იყო დიდი დიპლომატი და დიდი პრეზიდენტი. ასე რომ, ინტელექტუალური თვალსაზრისით, გასაოცარი ბიჭი იყო“ - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის პროფესორი, დინ საიმინტონი.
საიმინტონის ანალიზი არ მოიცავს არც ერთ პრეზიდენტს, 2006 წლის შემდეგ. თუმცა, ვირჯინიის უნივერსიტეტის „მილერის ცენტრის“ საპრეზიდენტო კვლევების დირექტორი, ბარბარა პერი, ამერიკის უახლესი ლიდერების შესაფასებლად მრავალ ფაქტორს იყენებს, მათ შორის, - თანდაყოლილ ინტელექტს, სასკოლო და საუნივერსიტეტო ჩანაწერებსა და შეფასებებს.
კრიტერიუმებს შორის ასევე საყურადღებოა, „წერს თუ არა პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისთვის ტექსტებს თავად? - ეს აჩვენებს, რომ ის დამოუკიდებელი მოაზროვნეა. ეს ასევე აჩვენებს, რამდენად კარგი ორატორი და ენაწყლიანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის თუ არა პრეზიდენტი ელეგანტური და მჭერმეტყველი, საკუთარი პოლიტიკის წარდგენისას. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტების წერის, საუბრის - ნათლად საუბრის უნარები. არის თუ არა მათი პოლიტიკა მათივე იდეებზე დაფუძნებული“ - ამბობს პერი.
სწორედ ამ კრიტერიუმების გამოყენებით, პერი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, „ინტელექტის უმაღლეს კატეგორიაში“ აყენებს.
„ობამას და ბილ კლინტონს, აუცილებლად საუკეთესო ხუთეულში დავაყენებდი. ამ მამაკაცებს, აქვთ საუკეთესო აღქმის, ანალიზისა და მათი სინთეზირების კარგი უნარი, რაც ჩემთვის სიკაშკაშის ნამდვილი ნიშანია“ - ამბობს პერი.
საიმინტონი ამბობს, რომ შეზღუდული ინფორმაციის გამო, ძნელია ტრამპის შეფასება და ასევე იმის გამოც, რომ 45-ე პრეზიდენტის კომუნიკაციის საყვარელი მეთოდი და გზა „ტვიტერი“ იყო, რომელიც აზროვნების კომპლექსურობას არ ასახავს.
რაც შეეხება ამჟამინდელ პრეზიდენტს, ბარბარა პერი ამბობს, რომ ბაიდენი ამერიკის ყველაზე კაშკაშა ლიდერებს შორის არ არის.
„განსაკუთრებით ინტელექტუალურად მკაფიო, ან მიმზიდველად ის არასდროს დამინახავს. ვფიქრობ, ამას ასევე აჩვენებს სკოლები, სადაც ის სწავლობდა. მას არ დაუმთავრებია ტოპ ელიტურ სკოლებში ბაკალავრიატი, ან ასპირანტურა... ასე რომ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის საშუალო ინტელექტისაა. მაგრამ, ცხადია, რომ მან ყველაფერი მისი პიროვნების ძალით შეძლო“ - ამბობს პერი.
საიმინტონი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტები, ზოგადად, „უდავოდ უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ზოგადად მოსახლეობა.“ თუმცა, საიმინტონის თქმით, არ შეძლება ლიდერები უფრო ჭკვიანებად გამოიყურებოდნენ, ვიდრე მათი მიმდევრები, რადგან ადამიანები არ მიჰყვებიან ლიდერებს, რომლებსაც მათი არ ესმით.
ორივე მკვლევარი, ბარბარა პერი და დინ საიმინტონი თანხმდება, რომ ბრწყინვალე გონების მქონე, ძირითადად ამერიკის ადრეული პრეზიდენტები იყვნენ.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დასაწყისში საკმაოდ ნათელი პრეზიდენტები გვყავდა, არის ის, რომ ისინი არ იყვნენ საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის გზით არჩეული. ისინი ელექტორების მიერ იყვნენ არჩეული, რომლებსაც თავის მხრივ შტატის კანონმდებლები ირჩევდნენ... და თუ გყავს ვინმე, რომელიც ლიდერთა ლიდერია - აღმასრულებელი დირექტორის მსგავსად, რომელიც ქვედა ხაზის მენეჯერების ლიდერია, მაშინ ისინი უფრო გონიერები არიან... მე, ასევე ჩავატარე კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგადად, პრემიერ-მინისტრები უფრო გონიერები არიან, ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტები, რადგან ისინი სხვა ლიდერების მიერ არიან არჩეული. ამისთვის კი, საკმაოდ ჭკვიანი უნდა იყო“ - ამბობს საიმინტონი.
ამერიკის ყველაზე ნაკლებ კაშკაშა პრეზიდენტებს შორისაა უორენ ჰარდინგი, რომლის პრეზიდენტობა სკანდალმა შეძრა; ენდრიუ ჯონსონი, რომელიც თერძი იყო და არასდროს მიუღია სასკოლო განათლება; და კელვინ კულიჯი, რომელსაც, როგორც ცნობილია, თუ სადილის შემდეგ დასვენებას გამოტოვებდა, შუადღის შეხვედრებზე ეძინა.