ქალაქ ხერსონის ცენტრში უკრაინულ ჯარებს მოსახლეობა სიხარულით ხვდება. ხერსონი ერთადერთი უკრაინული რეგიონული დედაქალაქი იყო, რომლის დაკავებაც, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის ცხრათვიანი ომის დასაწყისიდან შეძლო და მოგვიანებით მისი უკანონო ანექსიაც გამოაცხადა. თუმცა, გასულ გასულ კვირაში, მოსკოვმა განაცხადა, რომ იქედან ჯარები გაჰყავდა.
რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, მათ ქალაქიდან 30 000 ჯარისკაცი დანაკარგების გარეშე გაიყვანეს. თუმცა, კიევი რუსეთის ქაოტურ უკანდახევაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გაქცევისას ფორმები გაიხადეს, სამოქალაქო ტანსაცმელი მოირგეს და შეიარაღება უკან მოიტოვეს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ადასტურებს ვიდეოკადრების ავთენტურობას, რომელიც ხერსონის ცენტრში, უკრაინელი ჯარისკაცებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ბედნიერ შეხვედრას ასახავს. სააგენტო ქალაქში შექმნილ ვითარებას შემდეგნაირად აღეწრს: „ხერსონელები უკრაინულ ჯარებს სიხარულით, ცრემლით, დროშებით და შეძახილებით ხვდებიან - დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება ერს"!
უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება და რუსეთის ნებისმიერ დარჩენილ ჯარსკაცს უბრძანებს, ქალაქში შესულ უკრაინულ ძალებს ჩაბარდნენ.
მიმდინარე ომში, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და დამამცირებელი უკანდახევის ფონზე, სამალავებიდან გამოსული მოსახლეობა უკრაინულ ძალებს სიხარულით ესალმებოდა. მათ უყვებოდნენ, ოკუპაციის დროს, თუ როგორ კლავდნენ და ძარცვავდნენ რუსი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას.
ომის პრორუსი ბლოგერები ხუთშაბათს საღამოს იტყობინებოდნენ, რომ მდინარე დნიპროს გადაკვეთისას, რუსული ძალები უკრაინული ძალების ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ღამით ხუთჯერ დაარტყა მდინარე დნიპროს გადასასვლელებს, აშშ-ის მიერ მიწოდებული "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემებით.
უკრაინის წინსვლა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ამას რამდენიმე საათის წინ, უკრაინის ოფიციალური პირები ვარაუდობდნენ. თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ხუთშაბათს განუცხადა სააგენტო "როიტერს", რომ ხერსონიდან რუსეთის გასვლას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდებოდა. მისი შეფასებით, რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს 40,000 ჯარისკაცი რეგიონში. რეზნიკოვის თქმით, დაზვერვამ აჩვენა, რომ მისი ძალები რჩებიან ქალაქში და მის გარშემო.
„იპარავდნენ ყველაფერს“
„როიტერის“ ცნობით, როცა სააგენტოს ჟურნალისტებმა სოფელ ბლაჰოდატნეს მიაღწიეს, იქ რუსული ძალები აღარ იყო. გათავისუფლებულებული სოფლის მცხოვრებლები, სააგენტოსთან ოკუპაციის მძიმე პერიოდს იხსენებენ. მათი თქმით, სოფელს 8 თვის განმავლობაში, დაახლოებით 100 რუსი ჯარისკაცი იკავებდა. ადგილობრივებისსთქმით, რუსმა ჯარისკაცებმა სოფელი ოთხშაბათს უბრძოლველად დატოვეს, უკრაინული ძალები კი იქ ხუთშაბათს შევიდა.
სოფლის მოსახლეობის ცნობით, რუსებმა ერთი ადგილობრივი მამაკაცი მოკლეს, რომელიც მათ სანგრებს მიუახლოვდა. ამასთან, მათ თან წაიყვანეს ორი მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელთა ბედი ამ დრომდე უცნობია.
„პირველი ორი თვის განმავლობაში, ისინი უკიდურესად აგრესიულები იყვნენ“, ამბობს 43 წლის სერხიი კალკო. მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცები ქუჩებში სეირნობისას ჰაერში ისროდნენ.
რუსი ჯარისკაცები ასევე შევიდნენ მიტოვებულ სახლებში და სრულად გაძარცვეს ისინი - წაიღეს ავეჯი, ტელევიზორები, ღუმელები და მაცივრები, ამბობენ ადგილობრივები.
"რუსები ყველაფერს იპარავდნენ. ყველაფერი, რაც შეეძლოთ, წაიღეს", - ყვება 50 წლის ქალი, სახელად ჰალინა. ”ჩვენ ვცდილობდით არ ვყოფილიყავით მათ თვალწინ” - თქვა მან და დასძინა, რომ დაახლოებით 1000 მოსახლიდან იქ მხოლოდ 60 დარჩა.
ხერსონიდან გასვლა, ომში მესამე მთავარი რუსული უკანდახევაა და პირველი, რომელიც გულისხმობს ასეთი დიდი ოკუპირებული ქალაქის მიტოვებას. მოსკოვის ძალები განდევნეს მარტში დედაქალაქ კიევის გარეუბანიდან და განდევნეს სექტემბერში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის რეგიონიდან.