ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატებმა სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს


ამერიკის დემოკრატიული პარტია სენატზე კონტროლს შეინარჩუნებს. შაბათს საღამოს გამოცხადებული მონაცემების თანახმად, ნევადის შტატის მოქმედმა სენატორმა კეტრინ კორტეს მასტომ რესპუბლიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და შტატს შემდეგი ვადითაც წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოში.

ამან დემოკრატულ პარტიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი 50-ე მანდატი მოუტანა. სენატში ხმები აქამდეც 50-50-ზე იყო გადანაწილებული და გადამწყვეტი ხმა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატ კამალა ჰარისს ეკუთვნოდა, რომელის სენატის პრეზიდენტიცაა.

არჩევნები სენატის დასაკომპლექტებლად ჯერ კიდევ არაა დასრულებული. ჯორჯიის შტატში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო 50%-ზე მეტი, შესაბამისად, იქ დეკემბერში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. თუმცა ამ მეორე ტურის შედეგების მიუხედავადაც, დემოკრატებს უკვე აქვთ საჭირო 50+1 ხმა და იმ შემთხვევაშიც, თუ ჯორჯიაში რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს, სენატზე კონტროლს კვლავ დემოკრატები შეინარჩუნებენ. ჯორჯიაში ერთმანეთს მოქმედი დემოკრატი სენატორი რაფაელ უარნოკი და მისი რესპუბლიკელი მეტოქე ჰერშელ უოლკერი უპირისპირდებიან.

წარმომადგენელთა პალატის ბედი ჯერაც გაურკვეველია. რესპუბლიკელები მცირე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ და მიიწევენ წინ იმ 218 მანდატისთვის ბრძოლაში, რომელიც ქვედა პალატის გაკონტროლების საშუალებას მისცემთ. თუმცა ზოგიერთ შტატში, მაგალითად კალიფორნიასა და კოლორადოში შედეგები ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა.

სენატში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატი პრეზიდენტის დღის წესრიგის შესრულებას გააადვილებს. მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის კუთხითაც. პარტია ასევე შეინარჩუნებს იმ კომიტეტების წამყვან პოზიციებს, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაციაზე საზედამხედველო ფუნქცია აქვთ. სენატი ასევე შეძლებს უარყოს ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში მათი მოწინააღმდეგეების მიერ იქნება ზედა პალატაში გადაგზავნილი.

წარმომადგენელთა პალატის ბედი ჯერაც გაურკვეველია. რესპუბლიკელები მცირე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ და მიიწევენ წინნ იმ 218 მანდატისთვის ბრძოლაში, რომელიც ქვედა პალატის გაკონტროლების საშუალებას მისცემთ, თუმცა ზოგიერთ შტატში, მაგალითად კალიფორნიასა და კოლორადოში შედეგები ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა.

სენატთან დაკავშირებით ამომრჩეველთა და პოლიტიკოსთა ყურადღების უდიდესი ნაწილი 4 შტატისკენ იყო მიმართული. ესენი იყო პენსილვანია, ნევადა, არიზონა და ჯორჯია. პენსილვანიასა და არიზონაში დემოკრატი კანდიდატების გამარჯვება გასულ დღეებში გახდა ცნობილი. "წითელი ტალღა", რომელსაც რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში ელოდნენ, არ მოხდა. ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ კორტეს მასტოს პოზიციები ერთ-ერთ ყველაზე რთული და სუსტი იყო, შტატში, სადაც ქვეყანაში საწვავზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება, სენატორის მიერ პოზიციის შენარჩუნება გარანტირებული არ იყო.

"ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და მომავალშიც ბევრ რამეს გავაკეთებთ ამერიკელი ხალხისთვის", - თქვა სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა შაბათ საღამოს და დასძინა, რომ ამერიკელმა ხალხმა მტკიცე უარი უთხრა იმ ანტი-დემოკრატიულ, ავტორიტარულ, დამაპირისპირებელ მიმართულებას, რომლისკენაც რესპუბლიკური პარტიის გარკვეულ ნაწილს ქვეყნის წაყვანა სურდა.

კონგრესის წევრების გარდა, ამერიკელები 36 გუბერნატორსაც ირჩევდნენ. დემოკრატებმა მოახერხეს ისეთ მნიშვნელოვან შტატებში გამარჯვება, როგორებიცაა უისკონსინი, მიჩიგანი და პენსილვანია - 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეს შტატები კრიტიკული აღმოჩნდა ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპზე გამარჯვებისთვის. თუმცა რესპუბლიკელებმა მოახერხეს გუბერნატორების პოსტების შენარჩუნება ფლორიდაში, ტეხასსა და ჯორჯიაში. ამ უკანასკნელში ბაიდენმა ორი წლის წინ გამარჯვება ძალიან მცირე უპირატესობით მოახერხა.

XS
SM
MD
LG