შეერთებული შტატების 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე, არიზონასა და ნევადაში, ასობით ათასი ბიულეტენი ჯერ კიდევ დაუთვლელია. ორივე შტატის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხმების დათვლის პროცესი, შესაძლოა კიდევ დღეების განმავლობაში გაგრძელდეს.
სენატში უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა ახლა როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს, ორივე შტატის მოგებით აქვს.
წარმომადგენელთა პალატისთვის ბრძოლაში, რესპუბლიკელები თანდათან მიუახლოვდნენ პალატის კონტროლის დემოკრატებისთვის ჩამორთმევას. პალატაში უმრავლესობის მოპოვება რესპუბლიკელებს მისცემს ვეტოს უფლებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საკანონმდებლო დღის წესრიგზე და საშუალებას მისცემს მათ, დაიწყონ პოტენციურად საშიში გამოძიება, მისი ადმინისტრაციის მიმართ.
“ედისონ რისერჩის” გათვლით, პალატაში უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 218 ადგილიდან, რესპუბლიკელებმა სულ მცირე 211 უკვე მოიპოვეს. დემოკრატებს კი 197 მანდატი აქვთ გარანტირებული.
უმცირესობის ამჟამინდელმა რესპუბლიკელმა ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ უკვე გამოაცხადა, რომ წარმომადგებელთა პალატის სპიკერის პოსტის დაკავება სურს. მაკკარტი მიიჩნევს, რომ ქვედა პალატაში რესპუბლიკელების გამარჯვება გარდაუვალია.
9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ “წითელი ტალღა”, რომელსაც მედია და ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ, ვერ შედგა. "წითელ ტალღაში" რესპუბლიკელების დამაჯერებელი გამარჯვების ალბათობა იგულისხმება, რომელიც ამერიკულ მედიაში არჩევნების წინ ფართოდ იყო ტირაჟირებული.