ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, საბოლოო გადაწყვეტილებას 2023-ში მიიღებს


ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს თქვა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის დასაწყისში გამოაცხადებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, სამშაბათს ჩატარებული შუალედური არჩევნები დემოკრატიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თეთრი სახლი თვლის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ 8 ნოემბრის არჩევნებზე, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი 80 წლისაა და ქვეყანაში ბევრს აინტერესებს, აპირებს თუ არა ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყაროს კენჭი დემოკრატიული პარტიიდან. დისკუსიები ამ საკითხზე თეთრ სახლშიც მიმდინარეობს.

"ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ მონაწილეობა, ეს ჩვენი მიზანია" - უთხრა ბაიდენმა 9 ნოემბერს თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. "ეს ნამდვილად ოჯახის გადაწყვეტილება იქნება" - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც თან ახლდა მეუღლე ჯილ ბაიდენი. პრეზიდენტის თქმით, ოჯახის სურვილია, რომ მან კიდევ მიიღოს მონაწილეობა უმაღლესი ოფისისთვის ბრძოლაში, თუმცა თვითონ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

ბაიდენი ასევე აცხადებს, რომ მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ იქნება დამოკიდებული ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე. როგორც ცნობილია, ხელმეორედ არჩევნებში მონაწილეობას რესპუბლიკური პარტიიდან 2020 წლის არჩევნებში მისი ყოფილი მეტოქეც აპირებს. ტრამპი აცხადებს, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილება ნოემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

ბაიდენმა პრესკონფერენციაზე წინა დღეს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რომ 8 ნოემბერი ამერიკული დემოკრატიისთვის "კარგი დღე იყო". მან აღნიშნა, რომ "გიგანტური წითელი ტალღის" მოლოდინი არ გამართლდა. ის პოლიტოლოგთა პროგნოზებს გულისხმობდა, არჩევნებზე რესპუბლიკელთა მასიური გამარჯვების თაობაზე.

„ვფიქრობ ეს დემოკრატიისთვის კარგი დღე იყო და ვფიქრობს ეს დღე კარგი იყო ამერიკისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი დემოკრატია არაერთხელ გამოიცადა, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა, თავისი ხმით თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რაც ჩვენ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ყველა შედეგი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ მე არ ვიცი ყველა შედეგი, არის რაღაც, რაც ვიცით - მიუხედავად იმისა, რომ პრესა და ექსპერტები გიგანტურ წითელ ტალღას წინასწარმეტყველებდნენ, ეს არ მოხდა" - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე მოიპოვა კონტროლისთვის საჭირო მანდატებზე მეტი რაოდენობა. რაც შეეხება სენატის კონტროლს, მისი ბედი ჯერ გაურკვეველია და არ არის გამორიცხული, საბოლოოდ ჯორჯიის შტატში მეორე ტურის შემდეგ გადაწყდეს, რომელიც 6 დეკემბერს დაინიშნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG