2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის დმიტრი მურატოვის მედალი აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სავაჭრო სახლი „ჰერიტიჯ ოქშენი“ ავრცელებს. მყიდველის ვინაობა უცნობია.
ასევე ნახეთ: ბენ სტილერი ზელენსკის: ჩემი გმირი ხართ!მედლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს მურატოვი გაეროს ბავშვთა ფონდს გადაურიცხავს, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. აუქციონი ლტოლვილთა მსოფლიო დღეს დაემთხვა, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება.
დმიტრი მურატოვმა 2 ივნისს განაცხადა, რომ მედალს 22 ივნისს გაყიდდა. იდეას დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ სარედაქციო საბჭომაც დაუჭირა მხარი.
ჟურნალისტმა ჯილდო 2021 წლის ოქტომბერში ფილიპინელ მარია რესასთან ერთად მიიღო „გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის".
მედიის ცნობით, ნობელის პრემიის მედალი, ასე მაღალ ფასად აქამდე არ გაყიდულა.
2014 წელს ნობელის პრემიის ლაურეატის მედიცინის დარგში, ჯეიმს უოტსონის მედალი 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2015 წელს ფიზიკის დარგში პრიზიორმა ლეონ ლედერმანმა თავისი მედალი 765 ათას დოლარად სამედიცინო ხარჯების დაფარვის მიზნით გაყიდა. აუქციონზე მედლები რამდენჯერმე გაუტანიათ მიმღებთა ოჯახის წვერებს. მათი ფასი 395 დოლარიდან - 2.2 მლნ დოლარამდე მერყეობდა.