უკრაინის პრეზიდენტი ამ კვირის განმავლობაში ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის და რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. შეერთებული შტატების დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად, მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
შესაძლოა, ამ კვირაშივე გადაწყდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კონგრესში შეტანილი კანონპროექტის ბედი, რომელიც კიევისთვის თითქმის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს. აქედან 50 მილიარდი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყფას უნდა მოხმარდეს. ჯამში $110-მილიარდიანი ინიციატივა ასევე მოიცავს ისრაელის მხარდაჭერას და თავად ამერიკის საზღვრების კონტროლის გაზრდას.
სენატში კანონპროექტის განხილვა 7 დეკემბერს დაიწყო. თეთრი სახლი აფრთხილებს კანონმდებლებს, რომ უკრაინის დახმარება იწურება და დებატების გაჭიანურება საფრთხეს უქმნის კიევის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად საჭირო დახმარების დროულად, წლის დასასრულამდე დამტკიცებას.
თუ კანონპროექტი ამ კვირაში არ დამტკიცდა, კანონმდებლები საშობაო შვებულებაში გავლენ და შესაძლოა, საკითხის განხილვამ 2024 წლის დასაწყისისკენ გადაინაცვლოს. სენატის შემდეგ, კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში განიხილავენ.
ნოემბრის შუა რიცხვებისთვის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოიყენა უკრაინის დახმარებისთვის გათვალისწინებული 62.3 მილიარდი დოლარის 97%. ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტმა - 4.7 მილიარდი. აღნიშნული განაცხადება თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა შალანდა იანგმა, კონგრესისთვის მიწერილ წერილში გააკეთა.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კონგრესის კანონმდებლებთან მუშაობა კანონპროექტის დამტკიცების მიზნით, უქმეებზეც გაგრძელდა. მართალია, მათ შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს, მაგრამ თეთრ სახლს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის უშუალო ჩარევის შემდეგ, კანონპროექტზე საბოლოო შეთანხმება მოხდება.
Facebook Forum