ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა სენატორებისადმი მიმართვა გააუქმა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გააუქმა გუშინ, 5 დეკემბერს სენატისადმი დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა. ზელენსკის ამერიკელი კანონმდებლებისთვის უნდა მიემართა და მათთვის აეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული 106 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი. ეს პაკეტი მოიცავს, როგორც უკრაინის დახმარებას, ისე - ისრაელის სამხედრო დახმარებას და ამერიკის საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების ხარჯებს.

მაშინ, როდესაც უკრაინა მკაცრი ზამთრისთვის და ომის ახალი ფაზისთვის ემზადება, იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ეცდებოდა დაერწმუნებინა ამერიკელი კანონმდებლები, მიეცათ ხმა ამ პაკეტისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების დასამტკიცებლად ოქტომბერში მიმართა. თუმცა, რესპუბლიკული უმრავლესობის წარმომადგენელთა პალატამ უარი თქვა დახმარების დამტკიცებაზე.

5 დეკემბერს სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკონელმა თავის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს მოუწოდა, რომ ხმა არ მიეცათ ინიციატივისთვის, როდესაც მას წარადგენდნენ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიტყვით მიმართვა გააუქმა და ამერიკელი კანონმდებლების წინაშე აღარ წარდგა.

გუშინვე, წარმომადგენელთა პალატის რეპსუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ამერიკის საზღვრის უსაფრთხოება "ბრძოლაა".

"ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უპირველესი პრიორიტეტია და სხვა მოვალეობებსაც მივხედავთ",- თქვა ჯონსონმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ კონფიდენციალურ ბრიფინგში თავისი მონაწილეობა გააუქმა. ბრიფინგს ორგანიზება ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუწია, რათა ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისთვის. მასში მონაწილეობა სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებსაც უნდა მიეღოთ.

თეთრმა სახლმა 4 დეკემბერს თქვა, რომ წლის ბოლოს უკრაინისთვის ამერიკული დახმარება შეწყდება. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება რამდენიმე კვირაში ამოიწურება.

XS
SM
MD
LG