ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთის 4 ჯარისკაცს ამერიკელის მიმართ ომის დანაშაულში სდებს ბრალს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებულ ოთხ ჯარისკაცს ბრალი წაუყენა. მათ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებენ. იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ მათ ბრალი ამერიკის მოქალაქის ცემაში, წამებაში და სიკვდილით დასჯის ისცენირებაში ედებათ.

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა თქვა, რომ ეს 1996 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატები ფედერალური კანონმდებლობით იმ ადამიანებს უყენებს ბრალს, რომლებიც ამერიკელთა წინააღმდეგ დანაშაული ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩაიდინა.

"მსოფლიო უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის საშინელებათა მოწმეა, ასევე ვართ ჩვენც, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი", - თქვა გარლანდმე პრეს-კონფერენციაზე.

რუსეთი გამუდმებით უარყოფს, რომ მისი ჯარისკაცები ომის დანაშაულებს სჩადიან და ასევე არ აღიარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართულ იერიშებსაც.

ვირჯინიის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, რომ ამერიკის მოქალაქე, რომლის სახელიც უცნობი რჩება, უკრაინის სამხრეთში, სოფელი მილოვიდან 2022 წლის აპრილში გაიტაცეს. ის ტყვეობაში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში კი მას სცემდნენ მუშტებით, წიხლებით, იარაღის კონდახით. დაკითხვების შემდეგ კი მას მოკვლით ემუქრებოდნენ, ერთხელ თავის სიახლოვეს ესროლეს კიდეც, თითქოს სიკვდილით სჯიდნენ. ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც. "ისევ და ისევ, მას ეშინოდა, რომ მოკლავდნენ", - ამბობს გარლანდი და დასძენს, რომ ეს ბრალდება არის "რუსეთის რეჟიმის მიერ უკრაინაში უკანონო ომისთვის ანგარიშვალდებულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი".

ბრალდებულებს ოთხ დანაშაულს ედავებიან: ერთი ომის დანაშაულის ჩასადენად შეთქმულებას გულისხმობს, სამი კი უშუალოდ ომის დანაშაულებს, დაცული მოქალაქის უკანონო დაპატიმრებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ეს ოფიცრები არიან შურენ სეირანოვიჩ მკრტჩიანი და დმიტრი ბუდნიკი, ასევე ორი დაბალი რანგის ჯარისკაცი, რომელთა მხოლოდ სახელებია გამჟღავნებული - ვალერი და ნაზარი.

პროკურორები ამბობენ, რომ ბრალდებულები რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის - რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული უკრაინული რეგიონის სამხედრო შენაერთების წარმომადგენლები არიან. ბრალდებულები ამერიკულ მხარეს არ ჰყავს დაკავებული და შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ამერიკის კანონმდებლობით გასამართლდებიან. თუმცა ამ საქმეს გასული წლის განმავლობაში იუსტიციის დეპარტამენტი იძიებდა იმ სხვა საქმეებთან ერთად, რომლებიც რუსეთის ჯარის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის სხვა დანაშაულებს შეეხება.
გარლანდის თქმით, დეპარტამენტის გამომძიებლები ასევე იკვლევენ პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმისას 30 ამერიკელის მკვლელობასა და გატაცებასაც.
XS
SM
MD
LG