ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი: "პრეზიდენტი შეცდა", ჩვენ პატრიოტები ვართ და არ ჩავბარდებით


ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" კერძო შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური
ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" კერძო შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური

აუდიო-მიმართვაში, რომელიც შაბათს, 24 ივნისს გამოქვეყნდა, ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პასუხობს. ის ამბობს, რომ „ვაგნერელები“ ჩაბარებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ. ჩანაწერში, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, პრიგოჟინი ერთ მომენტში „მოსკოვზე წასვლასაც“ ახსენებს.

„სამშობლოს ღალატს რაც შეეხება, პრეზიდენტი ღრმად შეცდა. ჩვენ საკუთარი სამშობლოს პატრიოტები ვართ. ვიბრძოდით და ვიბრძვით, ეს „ვაგნერის“ ყველა მებრძოლს ეხება. და არავინ არ აპირებს პრეზიდენტის, ფე-ეს-ბეს ან კიდევ ვინმე სხვისი მოთხოვნის გამო, ბრალის აღიარებით გამოსვლას, რადგან არ გვსურს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ტყუილში და ბიუროკრატიაში ყოფნა“ - აცხადებს პრიგოჟინი.

ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ იპარავენ უკრაინაში მეომრებისთვის განკუთვნილ თანხებს რუსი ჩინოვნიკები. თვითონ კი „სხედან და [ამ თანხებით] თავისთვის ეკონომიას აკეთებენ იმ მომენტისთვის, რომელიც დღეს დადგა, როცა ვიღაც მოსკოვზე წავა“ - ამბობს პრიგოჟინი.

„ვაგნერის“ მეთაურის ცნობით, ახლა მის დაჯგუფებას სწორედ ეს ჩინოვნიკები უტევენ თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით. „ვერც არტყამენ, აქეთ-იქით ისვრიან“, აღნიშნავს ის. პრიგოჟინის ფიქრობს, რომ თვითონ და თავისი მებრძოლები პატრიოტები არიან, ისინი კი, ვინც მათ ებრძვის, „არამზადების“ გარშემო შეკრებილი ხალხია.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსეთის მთავრობას და რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ შორის დაპირისპირება პარასკევს, 23 ივნისს დაიწყო. თუმცა, პრიგოჟინი რუსეთის არმიის მეთაურებს სიტყვიერად აქამდეც ხშირად აკრიტიკებდა. პარასკევს კი, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღებული ძალები მათზე თავდასხმაში, უკრაინაში, მტრის ზურგში მყოფი მისი მებრძოლების დაბომბვაში და "განადგურებაში".

აღნიშნული ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინვე უარყო და მას „საინფორმაციო პროვოკაცია“ უწოდა.

პარალელურად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ბრალდებით. ინფორმაცია რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელდა, რომელიც რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციას ეყრდნობოდა.

„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას", - ნათქვამი იყო კომიტეტის განცხადებაში, რომელიც რუსული მედიით გამოქვეყნდა.

სააგენტო „ტასის“ მიერ ცოტა ხნის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა იმავე ღამით განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვალადიმირ პუტინი საქმის კურსშია. ის დაჯგუფება „ვაგნერს“ ამბოხის მცდელობაში ადანაშაულებს და პრიგოჟინის ქმედებებს „ზურგში დარტყმად“ აფასებს.

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

მეორე დღეს, 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე მოვლენებს პირადად გამოეხმაურა და კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ღალატში დაადანაშაულა. ვლადიმირ პუტინი აცხადებს:

„იმ გმირების სახელებს და დიდებას, რომლებიც სოლედარსა და არტემიოვკს, დონბასის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებდნენ, ნოვოროსიისთვის, რუსული სამყაროსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ, დღეს იმ ხალხმა უღალატა, რომელიც ქვეყანას ანარქიისკენ და ძმათამკვლელი ომისკენ, წაგებისთვის და, საბოლოო ჯამში, კაპიტულაციისკენ უბიძგებს“.

პუტინმა ასევე დასძინა, რომ „ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მან, ვინც სამხედრო ამბოხს ორგანიზება გაუწია და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ და რუსეთს უღალატა, ამაზე პასუხს აგებს.

"ერთადერთი სწორი არჩევანია – დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის მიღების შეწყვეტა. მჯერა, რომ შევინახავთ და შევინარჩუნებთ, რაც ძვირფასია და წმინდაა ჩვენთვის, ჩვენს სამშობლოსთან ერთად, ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ და უფრო ძლიერები გავხდებით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG