პარასკევს, 23 ივნისს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხემძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ბრალდებით. აღნიშნულის შესახებ, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში, რომელსაც "რია ნოვოსტი" აქვეყნებს.
ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღებული ძალები მათზე თავდასხმაში, მისი მებრძოლების დაბომბვაში და "განადგურებაში". პრიგოჟინმა პირობა დადო, რომ შეაჩერებს სამხედრო ხელმძღვანელობის "ბოროტებას".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრიგოჟინის ბრალდებები "არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".
თავის ოფიციალურ "ტელეგრამის "არხზე აუდიო შეტყობინებების სერიაში პრიგოჟინმა თქვა: "ისინი, ვინც გაანადგურეს ჩვენი ბიჭები, რომლებმაც გაანადგურეს მრავალი ათიათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე, დაისჯებიან. მე ვითხოვ არავინ გაწიოს წინააღმდეგობა".
პრიგოჟინის თქმით, მომხდარის დეტალები ირკვევა, მაგრამ მან იქვე დასძინა: „თავდაცვის მინისტრი სპეციალურად ჩავიდა როსტოვში „ვაგნერის“ განადგურების ოპერაციის ჩასატარებლად“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რომელსაც ასევე „რია ნოვოსტი“ ციტირებს, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ და მიიღება საჭირო ზომები.
პრიგოჟინმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს.
„ჩვენ 25 000 ვართ და ვაპირებთ გავერკვეთ, რატომაა ქაოსი ქვეყანაში“, - თქვა მან. მაგრამ მან ასევე დაამატა: "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება". პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დასაბუთება ეფუძნებოდა „უმაღლესი დონის“ ტყუილს.
„ომი საჭირო იყო... იმისთვის, რომ [თავდაცვის მინისტრი სერგეი] შოიგუ გამხდარიყო მარშალი... რათა მას მეორე „გმირის“ [რუსეთის] მედალი მიეღო“, - თქვა პრიგოჟინმა კიდევ ერთ აუდიო შეტყობინებაში. "ომი არ იყო საჭირო უკრაინის დემილიტარიზაციის ან დენაციფიკაციისთვის“, - თქვა მან.
პრიგოჟინი თვეების განმავლობაში ღიად ადანაშაულებს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და რუსეთის მთავარ გენერალ ვალერი გერასიმოვს არაკომპეტენტურობაში.
შექმნილ ვითარებას შეერთებული შტატებიც ეხმაურება. "სიტუაციას თვალს ვადევნებთ და გავმართავთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ამ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით" - განაცხადა ადამ ჰოჯმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა 23 ივნისს.
სტატიაში გამოყენებულია ახალი ამბების სააგენტო "როიტერის" მასალები.