ხუთშაბათს, 25 მაისს, შეერთებულმა შტატებმა მალიში მოქმედი რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მეთაურს სანქციები დაუწესა. დაჯგუფებას ბრალს სდებენ, რომ ის ცდილობს დამალოს თავისი ძალისხმევა, რომელსაც უკრაინაში გამოსაყენებლად გამიზნული სამხედრო აღჭურვილობის მოსაძიებლად მიმართავს და ამისთვის მალისთან და სხვა ქვეყნებთან მუშაობს.
შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა თავის განცხადებაში ბრალი დასდო ივან ალექსანდროვიჩ მასლოვს მალის მთავრობის ოფიციალურ პირებთან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობაში. ის დახასიათებულია როგორც “ვაგნერის“ გასამხედროებული დანაყოფების მეთაური და ჯგუფის მთავარი ადმინისტრატორი, რომელიც მალიშია ბაზირებული.
ეს ნაბიჯი მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის, მეთიუ მილერის მიერ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებას. მილერის თქმით, არსებობს ნიშნები, რომ „ვაგნერი“ ცდილობდა იარაღის უცხოელი მიმწოდებლებისგან სამხედრო სისტემების შეძენას და მალის გავლით გაგზავნას.
ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ბრალდებებს სიცრუე უწოდა და ვაშინგტონს მოუწოდა საკუთარი სამხედრო ექსპორტის შედეგები შეისწავლოს.