ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ 10 რუსული რაკეტა ჩამოაგდო - მოსკოვი კიევზე თავდასხმებს აგრძელებს


უკრაინამ, დედაქალაქ კიევში, ქალაქ დნიპროსა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში, რუსული საჰაერო იერიშის დროს, 10 რუსული რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკივის გარეუბანში ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ნავთობის საცავი ორმაგი დარტყმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა სატუმბი აღჭურვილობა.

მიმდინარე თვეში, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა გააძლიერა. მოსალოდნელ უკრაინულ კონტრშეტევამდე, მოსკოვის სამიზნე ძირითადად ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული ობიექტებია.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული თავდასხმისას, კასპიის ზღვიდან გასროლილი 10 რაკეტა ჩამოაგდეს, ირანული წარმოების 23 „შაჰედი“ და 2 სადაზვერვო დრონი.

საჰაერო ძალების განცხადებითვე ირკვევა, რომ რუსული თავდასხმა 25 მაისს, 22:00 საათზე დაიწყო და 26 მაისის დილის 5:00 საათამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ, 17 რაკეტა და 31 დრონი გაუშვა.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე რაკეტა და რამდენიმე დრონი, ხარკივისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში სამიზნეებს მოხვდა.

"ძალიან რთული ღამე იყო. ხმაურიანი - მტერმა რეგიონზე მასობრივი შეტევა რაკეტებითა და დრონებით დაიწყო", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა, სერჰი ლისაკმა „ტელეგრამით“ გავრცელებულ განცხადებაში.

ლისაკის თქმით, დაზიანდა რამდენიმე სახლი, ავტომობილი და კერძო კომპანიები. მათ შორის, სატრანსპორტო კომპანია და ბენზინგასამართი სადგური. ბენზინგასამართ სადგურზე თანამშრომელი დაშავდა.

კიევის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაზიანებულია სავაჭრო ცენტრის სახურავი, კერძო სახლი და რამდენიმე ავტომობილი.

ხარკივის ოლქის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი და სამრეწველო ობიექტი.

რუსეთმა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 15 თვის წინ დაიწყო, გასული ოქტომბრიდან, ასობით სარაკეტო იერიში განახორციელა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ელექტროსადგურების განადგურების მიზნით.

ამ ფონზე კი, დაქირავებული მებრძოლების რუსულმა კომპანია „ვაგნერმა“, ხუთშაბათს, ბახმუტში საკუთარი პოზიციების რუსული რეგულარული ჯარისთვის გადაცემა დაიწყო. აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტში ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, ხუთი დღის წინ, "ვაგნერის ჯგუფმა" გამოაცხადა, რომ ქალაქზე სრული კონტროლი აქვს.

მოსკოვი აცხადებს, რომ ბახმუტის აღება გზას უხსნის აღმოსავლეთ ინდუსტრიულ რეგიონს, დონბასს. კიევი კი აცხადებს, რომ ბახმუტის ბრძოლამ, ქალაქში რუსული ჯარები შეიყვანა, რამაც რუსეთის ძალებში დიდი მსხვერპლი გამოიწვია და სხვაგან მოსკოვის თავდაცვითი ხაზი დაასუსტა.

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთის რეგულარული არმია მის მიერ ადრე დაკავებული ადგილის მიტოვებაში, თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, „ვაგნერი“ მზად იქნება ქალაქში დაბრუნდეს.

”დღეს დილის ხუთ საათიდან, 25 მაისიდან 1 ივნისამდე, (ვაგნერის) ქვედანაყოფების უმეტესობა გადაინაცვლებს უკანა ბანაკებში,” - თქვა პრიგოჟინმა ვიდეოში, რომელიც ხუთშაბათს, 25 მაისს გავრცელდა. ის ამბობს, რომ მისი 20 000 მებრძოლი ბახმუტში დაიღუპა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG