ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ხაზინა ამბობს, რომ ჩინელმა ჰაკერებმა მისი სისტემის ნაწილი გატეხეს


ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი
ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მართულმა ჰაკერებმა ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემაში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს - ამის შესახებ ამერიკელ კანონმდებლებს სახელმწიფო ხაზინამ ოფიციალური წერილით აცნობა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ ჰაკერებმა შეძლეს კიბერუსაფრთხოების დაქირავებული კომპანიის - სერვისის პროვაიდერის - BeyondTrust-ის სისტემის გარღვევა, მაგრამ მხოლოდ არასაიდუმლო დოკუმენტებში შეაღწიეს.

ამავე წერილის თანახმად, ჰაკერებმა "მოიპოვეს წვდომა იმ გასაღებზე, რომელსაც დაქირავებული კომპანია იყენებდა ციფრული მეხსიერების, ქლაუდზე შენახული სერვისებისთვის - ეს კი გამოიყენებოდა ხაზინის ოფისებში მყოფი მომხმარებლებისთვის დისტანციურად ტექნიკური მომსახურების გასაწევად. მოპარული გასაღების მეშვეობით, საფრთხის შემქმნელმა აქტორმა შეძლო სერვისის უსაფრთხოების გარღვევა, დისტანციურად შეღწევა ხაზინის მომხმარებლების სამუშაო კომპიუტერეებში და იქ შენახული გარკვეული არასაიდუმლო დოკუმენტების მიღება", - აცხადებს ხაზინა კანონმდებლებისთვის მიწერილ წერილში.

მისივე თანახმად, ეს ინციდენტი უკავშირდება ჩინეთის ხელისუფლების მიერ მართულ აქტორს, რაც ამ მხრივ მუდმივ და მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის.

ხაზინის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მან სერვისის მიმწოდებელ კომპანიას ამის შესახებ 8 დეკემბერს შეატყობინა და აცნობა, რომ მუშაობდა კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსთან, ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან იმისთვის, რომ ჰაკერული თავდასხმით მიყენებული ზიანი ან მისი გავლენა შეეფასებინა.

ხაზინის წარმომადგენლები და გამოძიების ფედერალური ბიურო ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კი ორშაბათს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პეკინი ყოველთვის ეწინააღმდეგება ყველა ტიპის ჰაკერულ თავდასხმებს. ამერიკაში ჩინეთის საელჩომ კი განაცხადა, რომ ქვეყანა მტკიცედ ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG