საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის კერძო ინვესტორად, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ტენდერით შერჩევის შემდეგ, ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, 29 მაისს გაცემული დაპირება, რომ China Communications Construction Company Limited და China Harbour Investment, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან, მთავრობა გამარჯვებულად „რამდენიმე დღეში“ გამოაცხადებდა, ჯერჯერობით, ყოვნდება.
რა პირობებით შემოდის ეს კონსორციუმი? ანაკლიის პორტის რა წილი იქნება მის მფლობელობაში? იქნება თუ არა ეს საკონტროლო პაკეტი? რას წარმოადგენს ის ინვესტიცია, რომელსაც ჩინური კონსორციუმი ჩადებს ამ პორტში? ჩვენ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ გვაქვსთენგიზ ფხალაძე
მთავრობა აცხადებს, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკება ისევ გრძელდება, თუმცა არ აკონკრეტებს, ჩინური და ქართული მხარეები რა საკითხებზე ვერ თანხმდებიან.
„აქ უფრო სხვა თემებია, რომელზეც ხელისუფლება არ საუბრობს, და ეს არის ყველაზე საინტერესო: რა პირობებით შემოდის ეს კონსორციუმი? რეალურად, პორტის რა წილი იქნება მის მფლობელობაში, იქნება თუ არა ეს საკონტროლო პაკეტი? რას წარმოადგენს ის ინვესტიცია, რომელსაც ჩინური კონსორციუმი ჩადებს ამ პორტში? ანუ ეს არის სესხი?
თუ სესხია, რა პირობებით არის? რა პირობებით ამოიღებს ეს კონსორციუმი ამ ფულს? ამის თაობაზე, ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს" - უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, "ფაქტი ერთია, როდესაც კომპანიას აქვს ის რეპუტაცია, რა რეპუტაციაც აქვს ამ კონსორციუმს და როდესაც არსებობს მაგალითები, რომ ასეთი კონსორციუმები შემდგომში საკმაოდ კაბალურ პირობებს აწესებენ, ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს“.
ეკონომიკის სამინისტროს ახალი დაპირების მიხედვით, „საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღებას 2029 წლიდან შეძლებს, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა, წელიწადში - 600 ათასი კონტეინერი იქნება“.
(ჩინური კონსორციუმი) შესაძლოა, არც გამოცხადდეს, გამარჯვებულადლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი
ამ დაპირების პარალელურად, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ შერჩეული ინვესტორი, ჩინური კონსორციუმი, ანაკლიის პორტის "კერძო პარტნიორის ტენდერში" გამარჯვებულად შესაძლოა, საერთოდ არ გამოცხადდეს.
„(ჩინური კონსორციუმი) შესაძლოა, არც გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ვადები არ გვაქვს შეზღუდული.
(ჩინურ) კონსორციუმთან ჩატარდება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ იმედი გვაქვს, დაზუსტდება პირობები. გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ პირობები საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში იქნება .“ - განაცხადა 2 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჩინური კონსორციუმი და საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ, თუმცა, ჩინეთის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს იმედი აქვს რომ ჩინეთი არა მხოლოდ ანაკლიის პორტს, არამედ ახლო მომავალში, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტსაც ააშენებს. ამის შესახებ ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა განუწყვეტლივ ღრმავდება. მჯერა რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი“ჭოუ ციენი, ჩინეთის ელჩი
„ანაკლიის პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა ევრაზიის რეგიონში. მას მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვისაც. ანაკლიის პორტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო შესაძლებლობებს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთ პირველი გამოეხმაურა სარტყლისა და გზის ინიციატივას. ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა განუწყვეტლივ ღრმავდება. მჯერა, რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლოსის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი“ - აღნიშნა ელჩმა ჭოუ ციენმა.
ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის ინვესტორის ტენდერისგან განსხვავებით, პორტის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოაცხადა.
ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას, რომელმაც ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სარჩელი, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ჰოლანდიელი ინვესტორი, ჰოლანდია-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავას ისევ აგრძელებს.