ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის თქმით, მისი ოჯახის უმცროსი წევრები ჩინურად თავისუფლად საუბრობენ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ოჯახის ახალგაზრდა წევრები, ჩინურ ენაზე თავისუფლად საუბრობენ. თუმცა, ამასთან, სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ ჩინური ენის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ინგლისური ენის მნიშვნელობა არ უნდა დაივიწყონ.

პუტინს, ყოფილ მეუღლესთან, ლუდმილასთან ორი ქალიშვილი ჰყავს და ისინი თავისუფლად საუბრობენ რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. პუტინი მეუღლეს 2014 წელს დაშორდა და ოჯახზე იშვიათად საუბრობს, მაგრამ რუსული მედიის ცნობით, მას მინიმუმ სამი შვილიშვილი ჰყავს.

„ჩემი ოჯახის ზოგიერთი წევრი, პატარები, ასევე საუბრობენ ჩინურ ენაზე - ისინი თავისუფლად საუბრობენ“, - თქვა პუტინმა მოსწავლეებთან შეხვედრისას, ტუვას მე-20 საშუალო სკოლაში, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 4 500 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ჩინეთსა და რუსეთს შორის მზარდი პარტნიორობის ფონზე, რუსეთში ჩინური ენის პოპულარობაც იზრდება. ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს ტენდენცია ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ორი ქვეყნის ხალხებს შორის სხვა ტიპის კონტაქტების გაღრმავებამ განაპირობა.

პუტინმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს გერმანულად, მაგრამ ინგლისურის გასაუმჯობესებელი გაკვეთილებიც გავლილი აქვს, თქვა, რომ მოსწავლეებმა ინგლისური ენის მნიშვნელობა არ უნდა დაივიწყონ.

„ინგლისური დიდებული ენაა, მან კაცობრიობას ბევრი რამ მისცა კულტურის სფეროში, ცოდნისა და ხალხების გაერთიანების თვალსაზრისით“, - თქვა პუტინმა.

ენის კვლევის ცენტრის, Ethnologue-ის მიხედვით, ინგლისური მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სასაუბრო ენაა, რომელზეც დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი ლაპარაკობს. მას მოჰყვება ჩინური ენა, რომელზეც, დაახლოებით, 1,1 მილიარდი ადამიანი მეტყველებს. შემდეგია ჰინდი, ესპანური, არაბული, ფრანგული, ბენგალური, პორტუგალიური, რუსული და ურდუ.

XS
SM
MD
LG