ჩინეთის დროში ქვეშ მცურავი სატვირთო გემი YI Peng-3 ბალტიის ზღვაში იმყოფება, მის მახლობლად კი დანიელი სამხედროები პარტულირებენ. მიზეზი წარსულში არსებული გამოცდილებაა, როცა სავარაუდოდ ჩინურმა გემმა Newnew Polar Bear-მა ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო კაბელები დააზიანა. ჩინური გემის YI Peng 3-ის კაპიტანი არსებული ინფორმაციით რუსია, რომელიც წარსულში საზღვაო ოფიცერი იყო.
„დანიის თავდაცვის უწყებას შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ჩინური გემის YI Peng 3-ის მახლობლად. დანიის თავდაცვის უწყებას ამჟამად დამატებითი კომენტარი არ აქვს“,- ნათქვამია დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში რომელიც სოციალურ ქსელ „ექსში“ გავრცელდა.
ანალიტიკოსების თქმით, Newnew Polar Bear-ის მიერ საკომუნიკაციო კაბელების დაზიანება შესაძლოა იყოს განზრახ ქმედება და შურისძიება, რადგან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსეთთან ომში დახმარებას უწევენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
მოსკოვში ბრალდებებს აბსურდულს და შეთხზულს უწოდებენ, ჩინეთში კი აცხადებენ, რომ ჩინური გემები უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად იცავენ.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზღვის ფსკერის ინფრასტრუქტურის დაცვას და საერთაშორისო მეგობრებთან ერთად აქტიურად ვუწყობთ ხელს წყალქვეშა კაბელებისა და სხვა გლობალური საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და დაცვას“,- ამბობენ პეკინში.
Facebook Forum