ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრეივიკმა კვლავ ვადაზე ადრე გათავისუფლება ითხოვა


ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით მეორედ მიმართა სასამართლოს. ბრეივიკი ციხეში სასჯელს იხდის მასობრივი მკვლელობის გამო. მან ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა, რაც ქვეყანაში არსებული მშვიდობიანობი პერიოდის დროის ყველაზე სისხლიანი და მძიმე შემთხვევა იყო.

სამშაბათს, 19 ნოემბერს, მოსმენაზე რომელიც მის თხოვნას განიხილავდა, ბრეივიკმა სასამართლოს უთხრა, რომ მისი თავდასხმა „საჭიროებას“ წარმოადგენდა. პროკურორმა განაცხადა, რომ ბრეივიკი საშიშ პირად რჩება და არ უნდა გათავისუფლდეს. ანტი-მუსლიმმა ნეონაცისტმა ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში, ოსლოში, ავტომანქანის ბომბით რვა ადამიანი მოკლა და შემდეგ კუნძულ უტოეაზე, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში, ცეცხლსასროლი იარაღით, 69 ადამიანი, მეტწილად მოზარდები, მოკლა.

ბრეივიკმა ვადაზე ადრე გათავისუფლება მეორედ ითხოვა. მან დანაშაულის ჩადენის დროისთვის მაქსიმალური, 21-წლიანი სასჯელიდან 13 წელი მოიხადა. ეს სასჯელი შეიძლება გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევენ.

ბრეივიკმა მოსამართლის კითხვებზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ „22 ივლისი საჭირო იყო“, მან მკვლელობები ამ დღეს ჩაიდინა.

ის სასამართლო სხდომაზე შავი კოსტიუმით, თეთრი პერანგით და ყავისფერი ჰალსტუხით გამოცხადდა. თავის ორივე მხარე ისე ჰქონდა გადაპარსული, რომ ასო “Z” ჰქონდა გამოსახული.

ასო “Z” უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის სიმბოლოა და სამშაბათს ბრეივიკმა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დაახასიათა, როგორც „გლობალურად ევროპელების უპირველესი დამცველი“.

ბრეივიკმა გათავისუფლება პირველად 2022 წელს მოითხოვა. ის პირველ სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ ძალადობა უკან მოიტოვა, თუმცა ნეო-ნაცისტურ სიმპათიებზე უარი არ უთქვამს, მხოლოს ის თქვა, რომ თეთრი რასის უპირატესობისთვის ბრძოლას მშვიდობიანი გზებით გააგრძელებდა.

XS
SM
MD
LG