ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული და ჩინური ხომალდები სარაკეტო სროლაში სწავლებას ატარებენ


რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტისა და ჩინეთის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდებმა იაპონიის ზღვაში სარაკეტო და საარტილერიო სროლაში ივარჯიშეს "ოკეანე-2024"-ის წვრთნების ფარგლებში, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია".

სააგენტოს ცნობით, წვრთნებში რუსული მხარის 15-ზე მეტი სამხედრო ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "ვარიაგი".

რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ წვრთნებზე, 10 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა. პუტინმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ არ შეეცადოს მოსკოვს აზიაში დაუპირსპირდეს. განცხადება იმის ფონზე გაკეთდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. ეს რუსეთის ყველაზე დიდი საზღვაო წვრთნების ნაწილია საბჭოთა პერიოდის შემდეგ.

პუტინმა თქვა, რომ ფართო სტრატეგიული წვრთნები „ოკეანე-2024“ ჩატარდება ხმელთაშუა ზღვიდან წყნარ ოკეანეში და გამოცდის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და მაღალი სიზუსტის იარაღების გამოყენებას.

”ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მეგობარ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას”, - განუცხადა პუტინმა სამხედრო ოფიციალურ პირებს მანევრების დაწყებისას სატელევიზიო გამოსვლებში.

„დღეს, მსოფლიოში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის კონტექსტში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გლობალური სამხედრო და პოლიტიკური დომინირება ნებისმიერ ფასად“,- ამტკიცებს პუტინი.

პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს ნებისმიერი განვითარებისთვის და რომ ქვეყანა გააგრძელებს თავისი საზღვაო ძალების გაძლიერებას, მათ შორის ბირთვულ კომპონენტს, იმის ფონზე, რასაც ის უწოდებს, როგორც შეიარაღების რბოლას, რომელსაც ვაშინგტონი მართავს.

„რუსეთის სავარაუდო საფრთხის წინააღმდეგ, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეკავების საბაბით, შეერთებული შტატები და მისი თანამგზავრები აძლიერებენ სამხედრო ყოფნას რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან, არქტიკაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - თქვა მან. .

XS
SM
MD
LG