ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის რაკეტებთან დაკავშირებული დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთმა ექვსი ბრიტანელი დიპლომატი გააძევა


13 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ექვს ბრიტანელ დიპლომატს მოსკოვში აკრედიტაცია გაუუქმა. დიპლომატებს ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობას აბრალებენ. ეს იმის ნიშანია, რომ კრემლი განრისხებულია იმით, რასაც უკრაინის დახმარებაში ლონდონის მნიშვნელოვან როლად აღიქვამს.

ბრიტანელებმა ბრალდებებს „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდეს და ამბობენ, რომ ეს იყო სამაგიერო ქმედება იმისთვის, რომ მაისში გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სამხედრო ატაშე გააძევა და რუსეთის კუთვნილ რამდენიმე უძრავ ქონებას დიპლომატიური სტატუსი მოუხსნა.

რუსეთმა დიპლომატების გაძევების შესახებ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ კირ სტარმერსა და შეერთებულ შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა. ვაშინგტონის შეხვედრა გადამწყვეტი ნაბიჯია იმის მისაღწევად, რომ კიევს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების უფლება მიეცეს.

ერთი დღით ადრე, პუტინმა თქვა, რომ თუ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის დასავლური შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების უფლება მიეცემა, დასავლეთი რუსეთთან პირდაპირ ბრძოლაში ჩაერთვება. მან თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი კონფლიქტის ბუნებას და ჩარჩოებს შეცვლის.

სამი დასავლური წყაროს თანახმად, ვაშინგტონი და ლონდონი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ვითარების დრამატულ ესკალაციად აღიქვამენ. ამ გარემოებამ უკრაინის მიერ შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების თაობაზე მოლაპარაკებები დააჩქარა. რუსეთი და ირანი რაკეტების მიწოდების ფაქტს უარყოფენ.

XS
SM
MD
LG