რუსეთმა ნათლად უნდა განაცხადოს თავისი მზადყოფნის შესახებ, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც „უკრაინაში ნატოს აგრესიას მხარს უჭერენ“, აცხადებს საგარეო პოლიტიკის გავლენიანი „ქორი“, რომელიც პუტინს დაჟინებით სთხოვს დასავლეთის მიმართ უფრო მტკიცე ბირთვული პოზიცია მიიღოს.
სერგეი კარაგანოვმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვი შეძლებდა ნატოს წევრ ქვეყანაზე შეზღუდული ბირთვული დარტყმა, ყოვლისმომცველი ბირთვული ომის გამოწვევის გარეშე მოეხდინა.
მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ცრუობდა, როდესაც თქვა, რომ საკუთარი მოკავშირეების ბირთვული დაცვის გარანტიას იძლევა.
რუსეთის ბირთვული დოქტრინის მთავარი მიზანი „უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ამჟამინდელი და მომავალი მტერი დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთი მზად არის ბირთვული იარაღი გამოიყენოს“, განაცხადა კარაგანოვმა.
უკრაინის მიერ კურსკის რეგიონის ნაწილის დაპყრობიდან კვირების შემდეგ გამოქვეყნებულ კომენტარებში კარაგანოვმა თქვა: „დროა გამოვაცხადოთ, რომ გვაქვს უფლება ჩვენს ტერიტორიაზე ნებისმიერ მასიურ დარტყმებზე ბირთვული დარტყმით ვუპასუხოთ. ეს ჩვენი ტერიტორიის დაპყრობასაც ეხება“.
დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტები კარაგანოვის განცხადებებს ყურადღებით აკვირდებიან, როგორც საგარეო, თავდაცვის და ბირთვული პოლიტიკის საკითხებზე რუსული მიდგომის მაჩვენებელს.
მისი მოსაზრებები ოფიციალურ პოლიტიკას არ წარმოადგენს, მაგრამ კრემლმა გავლენიან ფორუმებზე და პირდაპირ პუტინისთვის მათი გახმოვანების საშუალება არაერთხელ მისცა.
წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ის იყო ყველაზე ცნობილი ფიგურა, რომელიც რუსეთის ბირთვული დოქტრინის ცვლილებისკენ მოუწოდებდა. ახლა მოსკოვმა თქვა, რომ დოქტრინა გადაიხედება.
რუსეთის ახლა მოქმედი დოქტრინა ამბობს, რომ რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნის მხრიდან ბირთვული თავდასხმის, ან ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს უქმნის.