ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სენატმა 2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური კანონპროექტი ერთსულოვნად მიიღო


ოთხშაბათ ღამეს, სენატმა ამერიკული ეკონომიკის გამოცოცხლებისკენ მიმართული 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის, უმაგალითო ეკონომიკური დახმარების პაკეტი მიიღო. შეერთებული შტატების ეკონომიკა კორონავირუსის შეჩერების ძალისხმევის გამო, მზარდად პარალიზებულია.

კანონპროექტს, სანამ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხელმოსაწერად მოხვდება და კანონად იქცევა, ჯერ კიდევ სჭირდება დამტკიცება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც დემოკრატების უმრავლესობაა. წარმომადგენელთა პალატის ლიდერებმა თქვეს, მოელიან, რომ კანონპროექტს პარასკევს მიიღებენ.

კანონმდებლებმა და თეთრმა სახლმა, ამერიკული ეკონომიკის გადასარჩენად, რამდენიმე ფაზა გაიარეს.

თავდაპირველად, კანონმდებლები კორონავირუსთან საბრძოლველად საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ამ მიზნით, თვის დასაწყისში, 8.3 მილიარდიანი პაკეტი მიიღეს. ტრამპმა კონგრესს 2 მილიარდზე ოდნავ მეტი სთხოვა და ამ თანხიდან 535 მილიონის დაფარვას, “ებოლასთან“ ბრძოლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გამოუყენებელი ნაწილის გადამისამართებით გეგმავდა. დემოკრატები ამ გეგმას არ დაეთანხმდნენ და თეთრ სახლთან საბოლოოდ შეთანხმდნენ კანონპროექტზე, რომელშიც კორონავირუსის ვაქცინის შესამუშავებლად 3 მილიარდი და ვირუსთან ბრძოლაში ამერიკის საერთაშორისო დახმარების ძალისხმევისთვის, მილიარდი დოლარი იყო გათვალისწინებული.

საბოლოო ვერსიით, დემოკრატებმა კორპორაციებისთვის გამოყოფილ 500 მილიარდზე, რომელშიც მძიმედ დაზარალებული ავიაკომპანიები და ტვირთების გადამზიდი ინდუსტრია შედის, დამატებითი კონტროლის მექანიზმი მოითხოვეს.

კანონი ამერიკელების უმუშევრობის დაზღვევას ოთხ თვემდე გაზრდის და საშუალო კლასის და უფრო ნაკლები შემოსავლის მქონე ამერიკელთა უმრავლესობისთვის, 1200 დოლარამდე ნაღდი ფულით პირდაპირ დახმარებას უზრუნველყოფს. ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის ეს თანხა 2400 დოლარი იქნება, ყოველ ბავშვზე კი დამატებით 500 დოლარი.

მცირე ბიზნესები, შტატების და ადგილობრივი მთავრობები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის სხვა ორგანიზაციები მიიღებენ მილიარდობით დოლარს, რათა კორონავირუსით მათთვის გამოწვეული შედეგები შერბილდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG