ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ქორწინებათა რაოდენობა იკლებს. დრამატულად შემცირდა გაყრის სტატისტიკაც - რუბრიკა “გალილეო”


2018 წლის ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში პირველ ქორწინებათა რაოდენობა უკვე ნახევარი საუკუნეა თანდათან მცირდება. გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ეს უკავშირდება როგორც ქალების მეტ ეკონომიკურ ძლიერებას და თავისუფლებას, ასევე - ე.წ. საქორწინო კაცების რაოდენობის შემცირებას. ორივე თეორიას ცალ-ცალკე არსებობის უფლება აქვს და ერთმანეთთანაც მჭიდრო კავშირშია.

სოციოლოგები “საქორწინო” მამაკაცების თეორიისკენ იხრებიან, რომლის მიხედვითაც, კაცი ქორწინებისთვის მზად ითვლება, როცა მას საკმარისი ეკონომიკური რესურსი გააჩნია. როგორც კი კაცების წარმატების და მატერიალური შესაძლებლობის მაჩვენებელი იკლებს, იკლებს ქორწინებათა რიცხვიც.

კაცებში კოლეჯის, ან უნივერსიტეტის დამთავრების შემთხვევაში, წლიური გამომუშავება იზრდება და იზრდება მათი დაქორწინების შანსიც. მაგრამ რა იწვევს ქორწინების რაოდენობის შემცირებას? სოციოლოგების აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ კაცები ნაკლებად დასაქმებულები არიან და მეორე: ინფლაციის გათვალისწინებით, მათ ნაკლები შემოსავალი აქვთ, რაც ოჯახის მოსავლელად საკმარისი არ არის. ბევრი სხვა წვრილმანი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი. მაგალითად ის, რომ შავკანიან მამაკაცებში ერთხელ მაინც დაპატიმრება, მათი ქორწინების შანსებს 8 პროცენტით ამცირებს.

რაც შეეხება ქალების დამოუკიდებლობას, ფაქტია, რომ სამუშაო ადგილებს ქალების თანდათან უფრო დიდი მოცულობა იკავებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ თანდათან იკლებს კაცის და ქალის შრომით ანაზღაურებას შორის განსხვავება, რომელიც თავიდან დრამატულად დიდი იყო. ასე რომ, გაიზარდა ქალების შემოსავალიც.

უშლის თუ არა ეს უკანასკნელი ფაქტორი ხელს ქორწინებას? როგორც ირკვევა, პასუხი ამ კითხვაზე არაერთგვაროვანია და დროთა განმავლობაში შეიცვალა კიდეც.

ქალებისთვის ბოლო 20 წლის მანძილზე მეტი რესურსი და მეტი შემოსავალი ნიშნავს, რომ ისინიც უფრო მეტად ქორწინდებიან. და რაც უფრო მეტად იზრდება ქალებში შემოსავალი, მით უფრო დიდი შანსია, რომ ისინი დაქორწინდნენ.

ქალების ეკონომიკურმა დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ იმ ფაქტზეც იქონია გავლენა, რომ გაყრის ინიციატივა უმეტესად ქალებისგან მოდის. 2017 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით (ავტორი მაიკლ როზენფილდი), სოციოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჰეტეროსექსუალ წყვილებში გაყრის ინიციატორები, ქორწინებათა 70 პროცენტში, ქალები არიან.

ახალგაზრდა წყვილებში გაყრის სტატისტიკა გასულ საუკუნეში სადღაც 70-იან წლებამდე, პროგრესულად მზარდი იყო. 70-იანი წლების პიკის შემდეგ კი გაყრის შემთხვევები გამუდმებით იკლებს. განსაკუთრებული კლება დაფიქსირდა 25-დან 39 წლამდე ასაკის წყვილებში, 1990 წელთან შედარებითაც კი. სოციოლოგები ამ ფაქტს პირველი ქორწინების მონაწილეთა ასაკობრივ ზრდას უკავშირებენ, რომელიც საშუალოდ 4 წლით გაიზარდა.

ტენდენცია წარმატებით გაგრძელდა 21-ე საუკუნეშიც. 2008 წლიდან 2016 წლამდე ახალგაზრდა წყვილებში გაყრების კლებამ 18% შეადგინა. რაც შეეხება ზრდასრულებს, 55-დან 64 წლამდე დაქორწინებულებს შორის გაყრების რაოდენობა პირიქით, გაიზარდა და 1990-დან 2015 წლამდე გაორმაგდა კიდეც.

დავუბრუნდეთ პირველ ნაშრომს. სიმართლე ითქვას, მეცნიერებმა ამ კვლევაში ვერ მიაგნეს სტატისტიკურად დასაბუთებულ მიზეზს, თუ რატომ იკლებს ასე მკვეთრად ქორწინებათა რაოდენობა ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე. თუმცა, ისინი საუბრობენ ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორზე და შესაძლო მიზეზზე, რომელიც შესაძლოა გაყრის შემთხვევებთანაც იყოს კავშირში.

ბოლო 50 წლის მანძილზე ოჯახის ცნება, მისი აღქმა და ქორწინების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. “ცვლილებების შესწავლის დროს, ხშირად გვიწევს ანგარიშის გაწევა “ქორწინების ნორმატული იმპერატივის” ცვლილებისადმი... არ არის გამორიცხული, რომ პირველი ქორწინებების რაოდენობის კლებაში გარკვეული როლი სწორედ ამ ნორმატიულმა კონტექსტმა შეასრულა” - ნათქვამია ნაშრომში.

ქორწინება დღეს აღარ არის ისეთი სავალდებულო სოციალური ნორმა, როგორც ეს ნახევარი საუკუნის წინ იყო. 50 წლის წინ ადამიანების უმრავლესობა ქორწინებამდე იცდიდა და შვილს არ აჩენდა. ზოგჯერ ამერიკელები ქორწინებამდე სექსისგანაც იკავებდნენ თავს და არც სახლს ყიდულობდნენ.

საზოგადოება მას შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. სექსზე საუბარი თუ 60-იან წლებში უხერხული იყო, ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია. მარტოხელა, დამოუკიდებელი ადამიანიც გაცილებით უფრო მისაღები გახდა საზოგადოებისთვის. არც მარტოხელა მშობელი უკვირს ვინმეს.

თუმცა, მარტო ყოფნაშიც არ არის საქმე. ძალიან ბევრი წყვილი, რომელიც ერთად ცხოვრობს, წყვილადვე რჩება და საერთოდ არ ქორწინდება წლების, ზოგჯერ ათწლეულების მანძილზე, ან არასდროს.

დღეს ამერიკელი მშობლების რაოდენობა, რომელიც ქორწინებაში არ არის, მოსახლეობის საშუალოდ 25 პროცენტს შეადგენს. 1968 წელს სულ 7% იყო. ამერიკაში დღეს 24 მილიონი ბავშვია, რომელთა მშობლებიც ერთად არ ცხოვრობენ. 50 წლის წინ მათი რაოდენობა 9 მილიონს არ აღემატებოდა. პროცენტულად განსხვავება ასე გამოიყურება 32/13.

მაგრამ, ქორწინებაში მყოფი წყვილები ეკონომიკურად უფრო სტაბილურები არიან და ეს სახელმწიფოს მეთაურებსაც უნდა აწყობდეთ. ანალიტიკოსი ალიქს გოლდ-უერტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, რომ ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებულმა ქვეყნის ლიდერებმა ქორწინების მაქსიმალური ხელშეწყობის პოლიტიკა უნდა აირჩიონ. ეკონომიკურად, საქმე ერთგვარად შემხვედრ, წრიულ მოგებასთან გვაქვს, რადგან მისი თქმით, კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ეკონომიკური სტაბილურობის დროს, სახელმწიფოში ქორწინების შანსიც იზრდება.

ზემოთ მოყვანილი ნაშრომის ავტორები არიან ამერიკელი სოციოლოგები: დენიელ შნეიდერი (კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის ფილიალი), კრისტენ ჰარკნეტი (პენსილვანიის უნივერსიტეტი) და მეთიუ სტიმფსონი (ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი). მათ 1969 წლიდან მოყოლებული, 18 000-ზე მეტი ამერიკელის მონაცემი შეისწავლეს, რომელთა ასაკი 15-დან 50 წლამდე მერყეობდა.

ქორწინების რაოდენობის გარდა, სოციოლოგებმა ასევე გამოიკვლიეს ისეთი წამყვანი ფაქტორები, როგორიცაა შემოსავალი, განათლება, დასაქმება, დაპატიმრების შემთხვევები და სხვა. ნაშრომის უფრო დეტალურად გაცნობა შესაძლებელია გამოცემაში Journal of Marriage and Family.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG