ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაისში დაბადებულები ავად ნაკლებად ხდებიან


რა კავშირია დაბადების თვეს და დაავადებათა რისკებს შორის? რუბრიკა „გალილეო“ დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევას გაგაცნობთ

ის, რომ წელიწადის დრო და დაბადების თვე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ზოგიერთი დაავადების რისკზე, რომელიც ადამიანს შეიძლება ცხოვრების მანძილზე განუვითარდეს, სიახლე არ გახლავთ. ადრეულ კვლევებში უკვე დადგენილი იყო დაბადების თვის კავშირი 19 დაავადების, მათ შორის ასთმის და ათეროთრომბოზის განვითარების ალბათობასთან. ნიუ იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 8 ივნისს ბევრად უფრო მოცულობითი ნაშრომი გამოაქვეყნეს, რომელშიც დაბადების თვის 55 დაავადებასთან არსებული დამოკიდებულება გამოვლინდა.

ზოგადი დასკვნები ასეთია: არსებობს დაავადებათა მეტი და ნაკლები რისკის მქონე დაბადების თვეები. მაისში დაბადებულებს დაავადებათა განვითარების ყველაზე დაბალი რისკი აღმოაჩნდათ. ყველაზე მაღალი რისკი კი ოქტომბერ-ნოემბერში დაბადებულებს ჰქონდათ. აქ საუბარია დაავადებათა ზოგადად მეტ რაოდენობაზე. რაც შეეხება უფრო სპეციფიურ კატეგორიებს, კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი განსხვავებულ სურათს იძლევა და ის ბევრად მეტია ადრე გაზაფხულზე დაბადებულთა შორის, განსაკუთრებით - მარტში. რესპირატორული დაავადების განვითარების რისკი კი - შემოდგომაზე. მატება იწყება სექტემბრის ბოლოს და პიკს აღწევს ოქტომბერში. რეპროდუქციული დაავადებების შანსიც ასევე მაღალია ზამთრისპირას დაბადებულებში, ისევე როგორც ნევროლოგიური დაავადებების შემთხვევაში.

მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებათა დაბადების თვეებთან ასოცირების რისკები არც ისე მაღალია, რომ ამის მიხედვით წყვილებმა შვილის გაჩენა დაგეგმონ. „დაბადების თვესთან დაკავშირებული რისკები გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე ისეთი გავლენიანი ფაქტორები, როგორიცაა სწორი კვება და ვარჯიში“ - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლას ტატონელი. მეცნიერები ჯერჯერობით არ არიან დარწმუნებული იმაში, თუ რა შეიძლება ახდენდეს გავლენას ამა თუ იმ დაავადების განვითარების ალბათობაზე. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს ისეთი ანტიგენების გავლენა, როგორიცაა ყვავილის მტვერი, D ვიტამინის სხვადასხვა დონე, ბავშვების სკოლაში პირველად წასვლის ასაკი, გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფაქტორი და ასე შემდეგ. ამ და სხვა ჰიპოთეზების გადამოწმებას ისინი მომავალში შემდგომი კვლევებით გეგმავენ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 1 688 დაავადების შესახებ 1 749 400 პაციენტის ელექტრონული მონაცემები და ავადმყოფობის ისტორია დაამუშავა. პაციენტების რეტროსპექტული მეთოდით შესწავლა გეოგრაფიულად შეზღუდული იყო, კომპიუტერული ალგორითმი მეცნიერებმა ქალაქ ნიუ იორკის მხოლოდ ერთი საავადმყოფოს სამედიცინო მონაცემთა ბაზაზე გამოიყენეს. ამავე მეთოდოლოგიით კვლევა რამდენიმე სხვა კლინიკაშიც იგეგმება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა მონაცემები ბევრი პარამეტრით ემთხვევა ადრე ავსტრიაში, შვედეთში და დანიაში ჩატარებული ანალოგიური კვლევების შედეგებს.

ნაშრომის გაცნობა შესაძლებელია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემაში, სახელწოდებით „ამერიკის სამედიცინო ინფორმატიკის ასოციაციის ჟურნალი“.

XS
SM
MD
LG