ქართული სამოქალაქო საზოგადოება კრემლის ერთ-ერთი სამიზნეა, წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სამოქალაქო საზგოადოების გაძლიერებას.
პარალელურად, ვაშინგტონი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმები რათა "მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებულ, ევროპული მომავლის მიზანს". განცხადება საელჩოს ვებგვერდზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც თბილისში მყოფი ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს - ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ,"- წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ამერიკელი სენატორები ქართველ პოლიტიკოსებსაც შეხვდნენ. შეხვედრებზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, ერთ-ერთი სასაუბრო თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო. საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე, რომელიც დასათაურებულია როგორც "უცხოეთის აგენტი".
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი გადასახედიდან, დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყანაში სწორედ "უცხოური აგენტის" კანონპროექტია, რომელიც რუსული კანონის "კალკია".
"არა, რუსულ კანონს", "ნუ გვახშობთ თავისუფალ მედიას" - ისმოდა შეძახილები პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზთან ორშაბათს, 20 თებერვალს.
როგორც ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, მათ არ მისცეს საშუალება შეეტანათ საპროტესტო პლაკატები - შესვლის წინ ისინი მანდატურის თანამშრომლებმა ჩამოართვეს.
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ: "ნეტგაზეთის", "პუბლიკის", On.ge-ის, "მთის ამბების", "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტები.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად. თუმცა, ის იმასაც აღნიშნავს, რომ კანონპროექტი "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ტექსტში გამოყენებულია"რადიო თავისუფლების" მასალა ამ თემაზე.
Facebook Forum