ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: თურქეთის მიერ შვედეთ-ფინეთის წევრობის რატიფიცირების დროა


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს, 16 თებერვალს განაცხადა, რომ დადგა დრო, ალიანსის წევრებმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინონ.

ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მთავარი ის კი არ არის, ამ ორი ქვეყნის რატიფიცირება ერთად მოხდება თუ არა, არამედ ის, რომ ეს "რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს".

ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ანკარა ამ ორი ქვეყნის საკითხს ცალცალკე განიხილავს. ნატოში მხოლოდ ორი წევრი ქვეყანაა, სადაც ფინეთ-შვედეთის წევრობის საკითხის რატიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ესენია თურქეთი და უნგრეთი. გადაწყვეტილება ყველა წევრმა ერთხმად უნდა მიიღოს. ჩრდილოეთ ევროპის ორმა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.

თურქეთი შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგია, რადგან ის ქვეყნის მთავრობას იმ ჯგუფის წევრთა მფარველობაში ადანაშაულებს, ვისაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. სტოლტენბერგმა თქვა, რომ შვედეთმა და ფინეთმა დაიწყეს შესაბამისი პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ თურქეთის მიერ გამოხატული წუხილისთვის ეპასუხათ, და რომ ტერორიზმი ივლისში ნატოს სამიტის უმთავრესი თემა იყო.

"ეს თურქეთის გადასაწყვეტია. თურქეთის მთავრობის, თურქეთის პარლამენტის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რატიფიცირების საკითხზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG