ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა: შვედეთთან და ფინეთთან ნატოს დიალოგის გამართვს “აზრი არ აქვს”


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ფიქრობს, რომ სტოკჰოლმში გამართული აქციების შემდეგ, ნატოში გაწევრიანების თაობაზე შვედეთთან და ფინეთთან სამხრივი შეხვედრის გამართვას “აზრი არ აქვს”.

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერეციაზე, ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ალიანსის წევრობის საკითხის ცალ-ცალკე შეფასების შესახებ შეთავაზება არ არსებობს.

შვედეთის პრემიერ მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურდა ნატოს დიალოგის აღდგენა თურქეთთან მას შემდეგ, რაც ანკარამ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამმხრივი მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან, მათი წევრობის შესახებ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათ-კვირას სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან, საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დემონსტრაციაზე ყურანი დაწვეს.

„ისინი, ვინც (სტოკჰოლმში) ჩვენს საელჩოსთან მსგავს ქმედებას უშვებს, არ უნდა ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი, ნატოს წევრობისთვის. თუ ასე ძალიან გიყვართ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, ისლამის მტრები და იცავთ მათ, მაშინ ჩვენ გირჩევთ მოიპოვოთ მათი მხარდაჭერა თქვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის”- თქვა ორშაბათს პრეზიდენტმა ერდოღანმა, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის დროს.

იმისათვის, რომ შვედეთი ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს, თურქეთის თანხმობა აუცილებელია, რადგან ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.

ყურანის ასლის დაწვას თურქეთის საელჩოსთან რამდენიმე არაბული ქვეყანაც გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო, მათ შორისაა საუდის არაბეთი, იორდანია და ქუვეითი.

რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც საპასუხოდ, შვედეთის დროშები დაწვეს.

XS
SM
MD
LG