ერთ კვირაში დაიწყება მოლაპარაკება გაეროს მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის გაგრძელების შესახებ, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა, ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეული საზღვარგარეთ გაეტანა, რუსეთის მიერ იქ დაწყებული ომის შემდეგ. აღნიშნულ იფნორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
გასულ ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ გზა გაუხსნა მარცვლეულის ექსპორტს უკრაინის სამი პორტიდან. შეთანხმება ნოემბერში 120 დღით გაგრძელდა და კვლავ განახლდება მარტში, მაგრამ რუსეთმა მიანიშნა, რომ უკმაყოფილოა შეთანხმების ზოგიერთი ასპექტით და მოითხოვა სანქციების მოხსნა, რომლებიც გავლენას ახდენს მის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე.
"მოლაპარაკებები მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე დაიწყება ერთ კვირაში და შემდეგ ჩვენ გავიგებთ ყველა მხარის პოზიციებს", - თქვა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, იური ვასკოვმა, კიევში მარცვლეულის კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო საკონსულტაციო კომპანიის "პრო-აგრო" მიერ.
„ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და დერეფანი გაფართოვდება“, - განაცხადა მან. "ჩვენ ვხედავთ, რომ მტერი იწყებს ახალი პირობების წამოყენებას. გვესმის, რომ ეს რთული იქნება - როგორც ეს იყო ნოემბერში", - დასძინა ვასკოვმა.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივით შეიქმნა დაცული საზღვაო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც უკრაინას ექსპორტის საშუალებას აძლევს და ამავე დროს ამსუბუქებს სურსათის გლობალურ დეფიციტს განვითარებად ქვეყნებში.
უკრაინამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის გადამზიდავი გემების ინსპექტირების გაჭიანურებაში, რამაც გამოიწვია ტვირთების შემცირება და ზარალი მოვაჭრეებისთვის.
რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ იგი ასრულებს ყველა ვალდებულებას მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების მიხედვით.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი 2022-23 წლის სეზონში, რომელიც ივნისამდე გრძელდება, 29 პროცენტით შემცირდა.
Facebook Forum