შეერთებულ შტატებში, კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის დასაწყისის სიხარულს, ახალი კორონავირუსის გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა აფერმკრთალებს. ამ კვირაში, ზედიზედ რამდენიმე დღის მანძილზე, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით 3 ათასამდე ადამიანი კვდებოდა. ოთხშაბათს - 3 253 ადამიანი გარდაიცვალა, ხუთშაბათს - 2 902 და პარასკევს - 2 951.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ზამთარს, სიკვდილობის მონაცემის უფრო დაბლა ჩამოწევა ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში ახლა დღეში იმდენივე, ან იმაზე მეტი ადამიანი იღუპება, როგორც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. 2001 წელს, ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებში 2 996 ადამიანი დაიღუპა.
"სავარაუდოდ, შემდეგი 60-90 დღე კიდევ უფრო მეტი სიკვდილის მოწმე გავხდებით" - ამბობს ექიმი რობერტ რედფილდი, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი. მან ეს განცხადება საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე ხუთშაბათს გააკეთა. "რეალობაა ის, რომ ვაქცინის ამ კვირაში დამტკიცება, ჩემი აზრით, მომდევნო 60 დღის მანძილზე ამაზე [სიკვდილობაზე] გავლენას ვერანაირად ვერ იქონიებს" - თქვა რედფილდმა.
ამერიკაში ახალი კორონავირუსით დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობაც გამუდმებით იზრდება. კვირის მანძილზე, ყოველდღიურად, საშუალოდ 200 000 ინფიცირების ახალი ფაქტი ფიქსირდებოდა. "როიტერის" ცნობით, ხუთშაბათს, ეს მაჩვენებელი 220 815 იყო. იმ დღეს, შეერთებულ შტატებში ინფიცირების 15.6 მილიონი შემთხვევა და 292 642 გარდაცვლილი აღრიცხეს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკაში კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა, აპრილისთვის ნახევარ მილიონს გაუტოლდება. ეს პროგნოზი თითქმის 40 000-ით ნაკლებია პირველად ვარაუდზე, რაც ვაქცინის დამტკიცების დაჩქარებას უკავშირდება.
შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის საგანგებო პანელმა "ფაიზერ-ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინის უსაფრთხოებაზე ხუთშაბათს იმსჯელა და მის დამტკიცებას მისცა ხმა. განხილვის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცა და მისთვის თვალის დევნება ნებისმიერი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი. პარასკევს საღამოს, კოვიდ-19-ის ვაქცინას საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამაც საბოლოო მწვანე შუქი აუნთო.
შაბათს, განხილვამ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ვაქცინის ადმინისტრირებას ერთვება გაფრთხილებები უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზე, მაგალითად - შესაძლო ალერგიულ რეაქციაზე. ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს პროცესი ამერიკაში უპრეცედენტოდ სწრაფად და ამასთან, გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
ვაქცინას პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები მიიღებენ, შემდეგ მოხუცებულთა სახლების ბინადრები და თანამშრომლები. მოგვიანებით, ვაქცინაციის რიგში საგანგებო სამსახურებში მომუშავე ამერიკელები არიან და ბოლოს - ყველა ზრდასრული მსურველი. ამერიკის შტატები ინდივიდუალურად წყვეტენ ვაქცინაციის ვადებს და პრიორიტეტებს.
აცრა ნებაყოფლობითია და მისი ადმინისტრირება ჯერჯერობით მხოლოდ 16 წლის ზევით ადამიანებზე მოხდება. ამერიკის დანარჩენ მოსახლეობას ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ, მხოლოდ 2021 აპრილის შემდეგ ექნება.
ამერიკული ფარმაკო-გიგანტის "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე დაამტკიცეს ჯერ ბრიტანეთმა და შემდეგ კანადამ. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაციის დამოუკიდებელი პანელის წევრები მეორე, კომპანია "მოდერნას" ვაქცინის დამტკიცებაზე, მომდევნო კვირაში იმსჯელებენ. რიგში კიდევ რამდენიმე კოვიდ-19-ის ვაქცინის კანდიდატია, მათ შორის "ასტრა ზენეკას" და "ოქსფორდის" ერთობლივი ვაქცინაც არის.
ვაქცინების განვითარების და მათი დისტრიბუციისთვის მომზადების საქმეში დიდი როლი შეასრულა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ. დისტრიბუციისთვის ინფრასტრუქტურა უკვე თვეზე მეტია, მზად არის. საქმეს 20 იანვარს დანიშნული ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გადაიბარებს.
ბაიდენმა უკვე წარმოადგინა პანდემიასთან ბრძოლის გეგმა, რომელიც ვაქცინაციის მიმართულებით, ინაუგურაციიდან 100 დღეში 100 მილიონი ამერიკელის აცრას ითვალისწინებს. ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც ვაქცინის მიღების სურვილი აქვს, მაისამდე, ან ივნისამდე უნდა შეეძლოს აცრა - უთხრა პარასკევს "ფოქს ნიუსს" ჯანდაცვის მდივნის მოადგილემ ბრეტ ჟერომ.
გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელებში კოვიდ-19-ის ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი თანდათან იკლებს. ზაფხულში ვაქცინის მიღების მსურველთა რიცხვი 40-დან 50 პროცენტამდე მერყეობდა. ახლა, "როიტერის" და "იფსოსის" მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვით, აცრა ამერიკელთა 61%-ს სურს.
Facebook Forum