მარტივი და მოკლე პასუხი შეკითხვაზე, შევძლებთ თუ არა პირბადეებისგან გათავისუფლებას, როდესაც კორონავირუსზე ავიცრებით, არის: არა. პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცია, ვაქცინაციის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კვლავ სავალდებულო და რეკომენდებული იქნება. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველი მიზეზი, თავად ვაქცინის სპეციფიკაში იმალება. კოვიდ-19-ის ვაქცინა პაციენტმა ორჯერ უნდა გაიკეთოს. მაგალითად „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზა ადამიანმა პირველი დოზის გაკეთებიდან 3 კვირაში უნდა მიიღოს. "მოდერნასი" კი - 4 კვირის შემდეგ. ვაქცინის ეფექტი მომენტალური არ არის და წამლის ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ მის სრულ ამოქმედებამდე ადამიანი შეიძლება კვლავ დაუცველი იყოს ვირუსისგან.
როგორც ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, ადამიანებს ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარკვეულ დონეზე, უკვე ექნებათ ვირუსისგან დაცვა. თუმცა, სრულ დაცვას ისინი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე კვირაში მიიღებენ.
ამ ეტაპისთვის, ასევე უცნობია, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები ადამიანებს მთლიანად ინფექციისგან იცავენ, თუ, მხოლოდ სიმპტომებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადამიანი კვლავ დაინფიცირდეს კორონავირუსით და გადასდოს სხვებს, თუმცა, ეს გაცილებით მსუბუქ ფორმებში მოხდება, ამბობს დებორა ფულერი, ექსპერტი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაგვჭირდება პირბადის ტარება ისაა, რომ მილიონობით ადამიანის აცრას თვეები დასჭირდება.
გარდა ამისა, დებორა ფულერი ამბობს, რომ ვაქცინის ტესტირება ბავშვებზე ჯერ ახლა იწყება და ისინი აცრას ვერ გაიკეთებენ, სანამ კვლევა ბოლომდე არ დასრულდება და არ დამტკიცდება, რომ ვაქცინა ბავშებისთვისაც უსაფრთხო და ეფექტურია.
Facebook Forum