ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები ქვეყანას საზღვარგარეთიდან მედიკამენტებისა თუ სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას ურთულებს. მათ შორის კოვიდ-19-ის ვაქცინისაც, რომელიც მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, აუცილებელია.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის საბანკო სექტორსა და მისთვის უმნიშვნელოვანეს - გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკამ 2018 წელს ცალმხრივად დატოვა ირანთან მსოფლიო ლიდერების მიერ ხელმოწერილი ე.წ. ბირთვული შეთანხმება. დონალდ ტრამპი ირანს მის დარღვევაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ამ შეთანხმების წევრობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ირანი აგრძელებდა ხელშეკრულებით აკრძალულ ქმედებებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ მედიკამენტებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს სანქციები არ ეხება, თუმცა ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი ბანკი და კომპანია მსოფლიოში ერიდება ირანთან საქმიან ურთიერთობას, რათა ვაშინგტონისგან ამ სანქციების მსხვერპლი არ გახდეს. ქვეყანა ასევე მოწყვეტილია საერთაშორისო გადარიცხვების სისტემას, რაც ფინანსურ ტრანზაქციებსა და ტრანსფერებსაც ართულებს.
"ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მედიკამენტების, ვაქცინებისა და აღჭურვილობის იმპორტირებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯის გამო, დონალდ ტრამპს ასჯერ უნდა ვწყევლიდეთ", - ჰასან როჰანის ეს სიტყვები სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ISNA-მ გაავრცელა.
მისი თქმით, უმარტივესი ტრანზაქციებიც კი იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებისგან წამლები შეისყიდონ, უკიდურესად გართულებულია და თანხების გადარიცხვას ზოგჯერ კვირები სჭირდება. თუმცა როჰანის თქმით, მისი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინა შეისყიდოს და რისკ-ჯგუფებში მყოფი მოსახლეობის აცრა დაიწყოს.
ირანი გასულ კვირას აცხადებდა, რომ საკუთარ ვაქცინაზეც მუშაობდა, რომლის ადამიანებზე გამოცდასაც მომავალ თვეში დაიწყებენ. თუმცა თეირანი ასევე აცხადებს, რომ 20 მილიონი ვაქცინის დოზის შესყიდვას გეგმავს. ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს. ირანში ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, გარდაცვლილია 50 000-ზე მეტი მოქალაქე.
Facebook Forum