კოვიდ-19-ის მიერ მძიმედ დაზარალებული ავიახაზები, ვაქცინის მასიური გავრცელების საქმეში წამყვანი როლისთვის ემზადებიან. ეკონომიკის ამ სექტორისთვის ეს ძალისხმევა ბიძგის მიცემის და მომავალში კი მისი გადარჩენის იმედს იძლევა.
საჰაერო გადამზიდავებს, წამლის მწარმოებლებს, ლოჯისტიკის ფირმებს, მთავრობებს და საერთაშორისო სააგენტოებს, რომლებიც პანდემიით გაჩანაგებულ ქსელებში ვაქცინის განაწილებას გეგმავენ, წინ დიდი გამოწვევები ელით.
ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს უზარმაზარი ძალისხმევა ავიახაზებს კრიზისული დანაკარგების შემცირებაში დაეხმარება, იმავდროულად კი უფრო ფართო სექტორისთვის სარგებლის მომტანი იქნება, ტვირთგადაზიდვის ფასებს დაეხმარება და მარშრუტების აღდგენით შემოსავალს დააბრუნებს.
მთავარი როლებისთვის რიგში დგანან გადაზიდვების სპეციალისტები და დიდი სატვირთო ფლოტის მქონე ავიახაზები, როგორიცაა გერმანიის “ლუფტჰანზა”, “ეარ ფრანს-კეი ელ ემი” და ჰონგ-კონგში ბაზირებული “ქეთეი პაციფიკი”, რომელიც ხშირად კონტრაქტით ისეთი გადამზიდველებისთვის მუშაობს, როგორიცაა “იუ პი ესი”, “ფედექსი” და “დი ეიჩ ელი”.
თავისი ფართო ქსელების გამოყენება შეეძლებათ ყატარის და საამიროების, ასევე თურქულ ავიახაზებს, რომლებიც შორ მანძილზე მგზავრობის ბიზნესის ჩავარდნამ დააზარალა. თურქეთმა ჩინური ვაქცინა “სინოვაკის” ბრაზილიაში გადაზიდვა დაიწყო და თავისი კოლეგების მსგავსად, მაცივრების ქსელის მოცულობას აფართოებს.
ზოგადი ზარალის ფონზე, სატვირთო გადაზიდვები ავიახაზებისთვის ნათელი წერტილი აღმოჩნდა. ტვირთის გადაზიდვის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც კომპანიებს ეხმარება ჯერ კიდევ მოქმედი სამგზავრო მარშრუტები შეინარჩუნონ და მეტი პერსონალის დათხოვნა თავიდან აიცილონ.
“იუნისეფს”, რომლის პოლიომიელიტის და სხვა აცრების კამპანიები, კარანტინის გამო თავდაპირველად შეფერხდა, სჯერა რომ კარგი გაკვეთილი მიიღო და ახლა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გადაზიდვაზე ფასების მკვეთრ ზრდას შეეწინაღმდეგოს.
დამკვირვებლები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ ტვირთის გადამზიდ კომპანიები რეპუტაციის შელახვის რისკის წინაშე დადგებიან, თუ ფასების დაწესებაზე საკუთარ ამჟამინდელ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ და თავს გაჭირვებაში სარგებლის მძებნელ სპეკულანტებად წარმოაჩენენ.
თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ამჯერად - პანდემიის საწყისი ეტაპისგან განსხვავებით - საჰაერო გადაზიდვები მოხდება არა მთავრობის მიერ ორგანიზებული ჩარტერებით, როდესაც მთავრობა ზედმეტად მაღალ ფასს იხდიდა, არამედ ლოჯისტიკის ფირმების მიერ, რომლებიც უფრო ყაირათიანი მომხმარებლები არიან.
Facebook Forum