შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ-19-ის პირველი ვაქცინა რეკორდულად სწრაფ ვადებში დაამტკიცა. ამერიკული კომპანიის "ფაიზერი" და გერმანული "ბიონტექის" ვაქცინისთვის ადმინისტრაციის მიერ ნებართვის მიცემა აშშ-ის საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე მოხდა.
საგანგებო ავტორიზაციის (EUA) გაცემა შეერთებულ შტატებში კანონით არის დაშვებული, მაგრამ მას ძალიან იშვიათად მიმართავენ. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში განსაკუთრებული საფრთხეები იქმნება. ამ ტიპის საფრთხეები აღინიშნება აბრევიატურით "სი-ბი-არ-ენი" (CBRN) და იშიფრება როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული. კოვიდ-19-ის გამო, ამერიკის ჯანდაცვის სფეროში შექმნილი საგანგებო ვითარებაც საფრთხეების ამ ქუდის ქვეშ არის მოქცეული.
საგანგებო ავტორიზაცია საკვების, მედიკამენტების და კოსმეტიკის შესახებ ფედერალური კანონმდებლობის აქტის (FD&C Act) 564-ე მუხლშია შეტანილი. ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას უფლებას აძლევს სწრაფი წესით გასცეს ნებართვა სამედიცინო პროდუქტების გამოშვებაზე. დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ან პრევენციის პროდუქტები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მტკიცდება, თუ ადეკვატური, დამტკიცებული და ხელმისაწვდომი ალტერნატიულ საშუალებები არ არსებობს.
ხუთშაბათს, ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის საკითხს საათების მანძილზე განიხილავდნენ შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაციის საგანგებო პანელის წევრები. დასასრულს, 22 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფიდან 17-მა ხმა მისცა ვაქცინის, როგორც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური საშუალების დამტკიცებას. ოთხი წინააღმდეგი იყო და ერთმა თავი შეიკავა.
პარასკევს დილით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა. მან ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ექიმ სტივენ ჰანს შეუტია იმის გამო, რომ ვაქცინა აქამდე არ დამტკიცებულა.
"შეწყვიტეთ თამაში და დაიწყეთ ადამიანების გადარჩენა" - პრეზიდენტმა ეს წინადადება სამი ძახილის ნიშნით, ექიმ ჰანის მისამართით დაწერა. ტრამპმა საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას "დიდი, ბებერი, ნელი კუ" უწოდა, საკმარისი სახსრებით, მაგრამ ბიუროკრატიით დასუსტებული.
ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის "ფაიზერი" და გერმანული "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა ჯერ ბრიტანეთმა, შემდეგ კი - კანადამ. ბრიტანეთში ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია სამშაბათს უკვე დაიწყო. კანადამ ვაქცინა ოთხშაბათს დაამტკიცა და ვაქცინაციას 15 დეკემბრიდან გეგმავს. მასობრივი ვაქცინაცია კანადაში აპრილიდან დაიწყება.
შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურა ვაქცინის პირველი 6.4 მილიონი დოზის დისტრიბუციისთვის, ნოემბრიდან მზადაა. "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინები უკვე მიჩიგანის შტატის ქალაქ კალამაზუშია, სადაც "ფაიზერის" საწყობები მდებარეობს და საიდანაც მას ამერიკის სხვადასხვა კუთხეს მიაწვდიან. გეგმის მიხედვით, ამერიკაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია დამტკიცებიდან სულ რამდენიმე საათში შეიძლება დაიწყოს.
შეერთებულ შტატებშიც პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს აცრიან, შემდეგ - მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებს და იქ მომუშავე პერსონალს. მოგვიანებით, ვაქცინაციის რიგში საგანგებო სამსახურებში მომუშავე ამერიკელები არიან და ბოლოს - 16 წლის ზევით, ყველა მსურველი. აცრა ნებაყოფლობითია.
Facebook Forum