ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მათ დაწვეს დოკუმენტები,"- ტრამპის განცხადება ჩინეთის საკონსულოზე


ჩინეთს ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში საკონსულოს დახურვისთვის რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადება თეთრ სახლში პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა. ის ფიქრობს, რომ ჩინეთმა საკონსულოში დაწვა და გაანადგურა საეჭვო დოკუმენტები.

"დამატებით საელჩოების დახურვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თქვენ ხედავთ იმას, თუ რა ხდება. ჩვენ ვნახეთ იქ ხანძარი, მაშინ როცა ვუთხარით რომ დაეხურათ საკონსულო და უცებ დაიწყეს ლაპარაკი: ხანძარია, ხანძარია. მე ვფიქრობ, რომ მათ დაწვეს დოკუმენტები, მათ გაანადგურეს ის დოკუმენტები რაზეც იყო ლაპარაკი," ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.

ცეცხლი ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს ეზოში გვიან ღამით გაჩნდა და ადგილზე სახანძრო სამსახურები მუშაობდნენ. თუმცა, რამ გამოიწვია ხანძარი ეს ამ დრომდე დადგენილი არ არის.

კვირის დასახწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს მოუწოდა 72 საათში დაეხურათ ტეხასში საკონსულო, ვადა რამდენიმე საათში იწურება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჩართული იყო არალეგალურ ჯაშუშობასა და ოპერაციებში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ბოლო წლებში კი უკანონო ქმედებები მნიშვნელოვნად გაიზარდა". სწორედ ამიტომ მიიღო ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვეტილება დახურულიყო ჩინეთის საკონსულოს ტეხასის შტატში.

გამოძიების ფედერალური ბიურო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თანხმდება იმაზე, რომ ჩინეთი ერეოდა ამერიკის შიდა საქმეებში, იპარავდა ინტელექტუალურ საკუთრებას ამერიკიდან და ამერიკელების პირად ინფორმაციას. საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩინეთი ამერიკაში ბიზნესმენებზე ახდენდა ზეგავლენას და ემუქრებოდა ჩინელ ამერიკელებს.

დაკავებულია ორი ჩინელი, რომლებიც ბრალდებულები არიან ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიებზე კიბერთავდასხმაში. მათ მიზანს კოვიდ19-ის ვაქცინა წარმოადგენდა. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ჩინეთი ვაქცინის შემადგენლობის მოპარვას ცდილობდა.

ჩინეთში ამერიკის ქმედებებს უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნებს შორის დაპირისპირებას აღვივებს.

არ არის გამორიცხული, ამერიკაში ჩინური საკონსულოების დახურვა გაგრძელდეს. ამას შესაძლოა ადასტურებდეს ამერიკელი პროკურორების ხმამაღალი ვარაუდი, რომ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში ჩინეთის საკონსულო იფარავს ადამიანს, რომელიც ჩინეთის სამხედრო მეცნიერია.

საუბარია ტან ჟუანზე, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარზე, რომელსაც ვიზის გაყალბებაში ედება ბრალი. როგორც ცნობილია, მან იცრუა საბუთების შევსებისას და თქვა, რომ ჩინეთის სახალხო არმიასთან კავშირი არ აქვს. გამოძიების ფედერალურ ბიუროში დაკითხვისას ტან ჟუანმა ბრალდებები უარყო, დაკითხვიდან გამოსულმა კი ჩინეთის საკონსულოს შეაფარა თავი და თავშესაფარი მოითხოვა. მოგვიანებით, ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ორგანოებმა აღმოაჩინეს ფოტო, სადაც ტან ჟუანი ჩინეთის სამხედრო ფორმაში პოზირებს. ირკვევა, რომ ის ჩინეთის საჰაერო ძალების მკვლევარი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG