ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს, შესაძლო ჯგუფურ გაუპატიურებებზე საუბრობს


წარწერა კედელზე: "დააბრუნეთ მძევლები შინ, ახლა!" - ისრაელელები "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას და სახლში დაბრუნებას ითხოვენ.
წარწერა კედელზე: "დააბრუნეთ მძევლები შინ, ახლა!" - ისრაელელები "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას და სახლში დაბრუნებას ითხოვენ.

„არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად“, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს, ადგილი ჰქონდა მშვიდობიან მოქალაქეებზე სექსუალურ ძალადობას, მათ შორის, ჯგუფურ გაუპატიურებას - ეს არის ამონარიდი გაეროს ექსპერთა ჯგუფის ანგარიშიდან, რომელიც მათ რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინეს.

„შეგროვდა სანდო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს სექსუალური ძალადობის ზოგიერთ ფორმაზე, მათ შორის სასქესო ორგანოების დასახიჩრებაზე, სექსუალურ წამებაზე, სასტიკ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე“,- წერია ანგარიშში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეცციალურმა ჯგუფმა მოამზადა.

ჯგუფის წევრები საკითხის დეტალური ანალიზისთვის ისრაელშიც იმყოფებოდნენ. შეხვდნენ მოწმეებს და გაეცნენ მტკიცებულებებს, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს სექსუალურ ძალადობის ნიშნებს შეიცავდა.

ჯგუფი ისრაელში 29 იანრიდან, 14 თებერვლამდე იმყოფებოდა და მას კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, პრამილა პატენი ხელმძღვანელობდა.

გაეროს სპეციალური ჯგუფის ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, შესაძლოა, კვლავ გრძელდებოდეს სექსუალური ძალადობა, სხვადასხვა ფორმით.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, ძალადობის სრული მასშტაბის დასადგენად, სრულფასოვანი გამოძიებაა სჭირო. ანგარიშის გამოქვეყნებამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტრეშმა თქვა, რომ ასეთი ფაქტები დროულად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშვეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. მანამდე, გაერო ღიად გააკრიტიკა ისრაელის წარმომადგენლობამ.

„გაერო აცხადებს, რომ ზრუნავს ქალებზე, მაგრამ ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ჰამასის“ მებრძოლები აუპატიურებენ ისრაელელ ქალებს, სად არის გაეროს ხმა? სად არის თქვენი ხმა?“ - თქვა გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა და გაეროს წევრ სახელმწიფოებს, „ჰამასის“ მიმართ ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა, რიგი ქვეყნების მიერ, უკვე შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც „ჰამასის“ მებრძოლებმა 1200 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 253 კი მძევლად აიყვანეს. ოქტომბრიდან დღემდე, მედიამ არაერთი შემზარავი ფაქტის შესახებ შეიტყო, რომელსაც ადგილი ჰქონდა თავდასხმის დროს, იქნება ეს ბავშვებზე და ქალებზე ძალადობა, ბავშვების დედების თვალწინ მოკვლა, ოჯახების ხელყუმბარებით აფეთქება თუ ბევრი სხვა. „ჰამასი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, სექსუალური ძალადობის ფაქტებს უარყოფს.

7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის მიერ წარმოებულ ომს, ამ დრომდე, ღაზის სექტორში 30 000 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, ბავშვებისა და ქალების.

გაერო ამბობს, რომ ღაზის სექტორში პალესტინელი ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციების მოძიებას და დამუშავებას აგრძელებს, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისრაელელი სამხედროების მხრიდან, თუმცა ამ დროისთვის მსგავსი დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილი არ არის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG