3 მარტს გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების მთავრობის მთავარი ნაწილის დაფინანსებას. გასული კვირის ბოლოს, ამერიკელი კანონმდებლები მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების რისკის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ, თუმცა მომლაპარაკებლებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს.
ახალი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2024 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების სამთავრობო ხარჯები 1,66 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა. განცხადება საბიუჯეტო შეთანხმებაზე სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის ოფისის პრესსპიკერმა გააკეთა.
1 050-გვერდიანი კანონპროექტი დეტალურად ასახავს მთავრობის ექვსი სეგმენტის დაფინანსებას, რომელთა ბიუჯეტის დამტკიცება უფრო სასწრაფო და პრიორიტეტული იყო. მომდევნო ექვსის ბიუჯეტის დასამტკიცებლად კი კონგრესს ვადა მარტის ბოლომდე აქვს.
კანონპროექტი „ინარჩუნებს იმ აგრესიულ ინვესტიციებს, რომელთა საშუალებითაც დემოკრატები ამერიკელ ოჯახებს, ამერიკელ მშრომელებს და ამერიკის ეროვნულ თავდაცვას უზრუნველყოფდნენ“, - ნათქვამია სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებაში.
საბიუჯეტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, განცხადება ასევე გაავრცელა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.
”პალატის რესპუბლიკელებმა კონსერვატიული პოლიტიკის მიმართულებით გადამწყვეტი გამარჯვებები მოიპოვეს, მათ უარყვეს მემარცხენეთა წინადადებები და დააწესეს მკვეთრი შეზღუდვები სააგენტოებსა და პროგრამებზე, რომლებიც კრიტიკულია პრეზიდენტ ბაიდენის დღის წესრიგისთვის”, - ამბობს პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის განცხადება.
Facebook Forum