ორშაბათს, ბრიუსელმა „ეფლი“ 1,84 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. ეს არის პირველი ანტიმონოპოლიური ჯარიმა, რომელიც ევროკავშირმა კომპანიას დააკისრა. "ეფლი" დასაჯეს იმის გამო, რომ „სპოტიფაის“ და მუსიკის გამავრცელებელ სხვა სერვისებს საშუალებას არ აძლევდა მომხმარებლებისთვის ეცნობებინათ, რომ App Store-ის გარდა გადახდის სხვა ვარიანტებიც არსებობდა.
ევროკომისიის გადაწყვეტილება განაპირობა მუსიკის გამავრცელებელი შვედური სერვისის, „სპოტიფაის“ მიერ შეზღუდვის თაობაზე 2019 წელს შეტანილმა საჩივარმა და „ეფლის“ App Store-ის 30 პროცენტიანმა გადასახადმა.
ევროკავშირის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ „ეფლის“ მიერ დაწესებულმა შეზღუდვამ არასამართლიანი სავაჭრო პირობები შექმნა. ეს ანტიმონოპოლიურ საქმეში შედარებით ახალი არგუმენტია და ის 2021 წელს, „ეფლის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილაბაში ჰოლანდიურმა ანტიმონოპოლიურმა სააგენტომაც გამოიყენა. ის საქმე „ეფლის“ წინააღმდეგ გაცნობის აპლიკაციის მიმწოდებლებმა წამოიწყეს.
ჯარიმამ დიდად გადააჭარბა 500 მილიონ ევროს, ოდენობას, რომელსაც საქმეში ჩახედული პირები მოელოდნენ.
ჯარიმის საბაზო ელემენტია 40 მილიონი ევრო, რომელიც ევროპის კონკურენციის კომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტისთვის „პარკინგის ჯარიმა“ უწოდა და დამატებით 1,8 მილიარდი ევრო, როგორც გამაფრთხილებელი. მან თქვა, რომ 1,84 მილიარდი ევრო „ეფლის“ გლობალური საქონელბრუნვის 0,5 პროცენტს შეადგენს.
„ეფლმა“ ევროკავშირის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აცხადებს, რომ მას სასამართლოში გაასაჩივრებს. ლუქსემბურგში ბაზირებული საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ევროპის მეორე უმაღლესი ინსტანციაა, სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. სანამ ეს მოხდება, „ეფლმა“ ჯარიმა უნდა გადაიხადოს და ევროკავშირის ორდერს დაემორჩილოს