ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ნავთობსაწარმოზე იერიში უკრაინამ მიიტანა - "როიტერის" წყარო


ხანძარი კლინსკში, რუსეთის ბრიანსკის რაიონში. 19 იანვარი, 2024 წ.
ხანძარი კლინსკში, რუსეთის ბრიანსკის რაიონში. 19 იანვარი, 2024 წ.

9 თებერვალს, უკრაინულმა დრონებმა იერიში რუსეთის სამხრეთით, კრასნოდარის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს. თავდასხმამ ილსკის საწარმოში ხანძარი გამოიწვია. თავდასხმის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იდგა, - განუცხადა უკრაინულმა წყარომ ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა.

რუსეთის რეგიონულმა ხელისუფლებამ იქამდე განაცხადა, რომ ილსკის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც დაახლოებით ორ საათში ჩააქრეს. მას არ გაუმჟღავნებია დეტალები იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი ან რა ზიანი მიადგა ქარხანას.

უკრაინულმა წყარომ, რომელმაც ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა, თქვა, რომ თავდასხმა მოხდა ქარხნის ნავთობის პირველადი გადამუშავების განყოფილებაში. SBU-ის დრონებმა, ასევე მიიტანეს იერიში მიმდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მაგრამ ამ ოპერაციის შედეგები ჯერ კიდევ დგინდება, დასძინა წყარომ.

მეორე თავდასხმაზე რუსეთს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. რაც შეეხება უკრაინის ოფიციალურ წყაროებს, კიევი როგორც წესი, რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ მსგავს იერიშებში მონაწილეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

უკრაინამ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დრონებით თავდასხმების მთელი სერია განახორციელა. ეს უკრაინის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ილსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა საწვავის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია სამხრეთ რუსეთში, რომელიც წელიწადში 6,6 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. აფიპსკის გადამამუშავებელ ქარხანას კი შეუძლია წელიწადში 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება.

დრონებით თავდასხმების და ტექნიკური გათიშვის შედეგად ქარხნების დაზიანებამ, რუსეთი აიძულა უფრო მეტი ნედლი ნავთობის ექსპორტი განეხორციელებინა, ვიდრე თებერვალში იგეგმებოდა. ეს პოტენციურად ხელს შეუშლის მისი დაპირების შესრულებას, OPEC+ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების მიმართ და შეზღუდავს ნედლი ნავთობის ექპორტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG